მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ში იმპორტის კლების პარალელურად, ექსპორტი გაიზარდა - რით ვვაჭრობთ?

აშშ

საქართველო-ამერიკის სავაჭრო ბრუნვა პირველი კვარტალის მონაცემებით, წლიურად 21.9%-ით 328 მილიონ 803 ათას დოლარამდე შემცირდა. შედეგად ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი მთლიან ვაჭრობაში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების რეიტინგში 7%-იანი წილით მეოთხე ადგილზეა.

გასული წლის ამ პერიოდისთვის აშშ-სთან ვაჭრობის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და 421 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპორტს სავაჭრო ბრუნვაში მცირე წილი უკავია, ამერიკა ერთ-ერთი უმსხვილესი საექსპორტო მიმართულებაა, სადაც წლის ამ პერიოდისთვის საქართველოდან ექსპორტის მაჩვენებელი ყველაზე მეტად გაიზარდა. კონკრეტულად კი იანვარ-მარტში ამერიკაში საქონლის ექსპორტით საქართველომ 29 მილიონ 936 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ექსპორტს 95.8%-ით აღემატება. აშშ უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში 2.3%-იანი წილით მერვე ადგილს იკავებს. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკაში მთლიანი ექსპორტის დიდი ნაწილი - 27.8 მლნ დოლარი ადგილობრივი საქონლის ექსპორტზე მოდის. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ექსპორტის ზრდა სწორედ ადგილობრივად წარმოებული საქონლის რეალიზებამ განაპირობა.

იანვარ-მარტში ქვეყნიდან ამერიკაში გაყიდული უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ჩამონათვალი ასეთია:

  1. ფეროშენადნობები - $19.6 მლნ, 17 672 ტონა;
  2. წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები - $1.6 მლნ, 620 ტონა;
  3. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $1.5 მლნ, 1 076 ტონა;
  4. მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - $1.3 მლნ, 1 353 ტონა;
  5. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $1 მლნ, 188 ტონა;
  6. საფრენი აპარატების ნაწილები - $1 მლნ, 3 ტონა;
  7. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული - $736 ათასი, 641 ტონა;
  8. ეთილის სპირტი არადენატურირებული - $446 ათასი, 166 ტონა;
  9. მინერალური და მტკნარი წყლები - $442 ათასი, 749 ტონა;
  10. სამშენებლო ნაწარმი ხისა - $277 ათასი, 59 ტონა;

მიუხედავად იმისა, რომ იმპორტის მაჩვენებელი ამერიკასთან მთლიან ვაჭრობაში წამყვან როლს ასრულებს, წლის პირველ კვარტალში აშშ-დან საქონლის შეძენის მაჩვენებელი შემცირდა. ამ პერიოდისთვის საქართველოში ამერიკიდან 298 მილიონ 866 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი შემოვიდა. იმპორტი წლიურად 26.3%-ით შემცირდა და აშშ-მა იმპორტის მიხედვით უმსხვილესი სასაქონლო ქვეყნების რეიტინგში თურქეთისა და რუსეთის შემდეგ 8.9%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა.

ამერიკასთან იმპორტის, ამგვარად სავაჭრო ბრუნვის შემცირების მთავარი ფაქტორი მსუბუქი ავტომობილების იმპორტის კლებაა. ქვეყნებს შორის უმსხვილესი სავაჭრო საქონელი სწორედ ავტომობილები იყო, რომლის იმპორტიც პირველ კვარტალში 28.8%-ითაა შემცირებული.

ამერიკიდან იმპორტირებული უმსხვილესი საქონლის ჩამონათვალი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $270.6 მლნ, 22 350 ცალი;
  2. დანარჩენი საქონელი - $5.6 მლნ;
  3. თხილი და სხვა კაკალი - $3.1 მლნ, 637 ტონა;
  4. კვების პროდუქტები - $1.4 მლნ, 29 ტონა;
  5. ნახმარი ტანსაცმლის ნაწარმი - $1.3 მლნ, 100 ტონა;
  6. მოტოციკლები და ველოსიპედები - $1.3 მლნ, 202 ტონა;
  7. გაყინული თევზი - $1 მლნ, 544 ტონა;
  8. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები -$1 მლნ, 16 ტონა;
  9. პოლიმერები ეთილენისა - $791 ათასი, 742 ტონა;
  10. ავტომანქანების ნაწილები, ექსპლოატაციაში ნამყოფი -$755 ათასი, 443 ტონა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები