მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია საქართველო - აშშ-ის ეკონომიკური კავშირი?

ვაჭრობა

რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს და მილოცვებს იღებს. ის დათვლის წინასწარი შედეგების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი გახდება.

მსოფლიოს ლიდერები დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავენ, მათ შორის რესპუბლიკელ კანდიდატს გამარჯვება მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ძლიერი აშშ-სგან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან და 33 წლის მეგობრისგან, ახლა ისე როგორც არასდროს, საჭიროა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაძლიერებლად და ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი მისალოც ტექსტში აღნიშნა, რომ „პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს მსოფლიოსა და ჩვენს რეგიონში მშვიდობას. ასევე, უზრუნველყოფს ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვას“.

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ ტონი გამკაცრებულია. მიზეზი საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული „რუსული კანონია“. თუმცა ამერიკასთან ჩვენს ქვეყანას მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს, რაც ქვეყნის სხვადასხვა დარგის განვითარებისთვის არაერთ პროგრამაში აისახა. ამასთან ბოლო წლების განმავლობაში საქართველოსთვის აშშ ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად და ამავე დროს FDI-ის კუთხით მნიშვნელოვან ინვესტორ ქვეყნად იქცა.

BMG გთავაზობთ საქართველო - ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურ კავშირს რიცხვებში.

ვაჭრობა

საქართველო-აშშ-ის სავაჭრო ბრუნვამ 9 თვეში 1 მილიარდ 472 მილიონი დოლარი შეადგინა. დასავლელმა პარტნიორმა, მეზობელი თურქეთისა და რუსეთის შემდეგ უმსხვილესი სავაჭრო მიმართულებების რეიტინგში 8.8%-იანი წილით მესამე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, წლის ამ პერიოდში ქვეყნების სავაჭრო ბრუნვა წლიურად 10.4%-ით შემცირდა.

აშშ-სთან ვაჭრობა იანვარ-სექტემბერში იმპორტის კლების ხარჯზე შემცირდა. ამ პერიოდისთვის საქართველომ ამერიკიდან 1 მილიარდ 376 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის მაჩვენებელს 12.4%-ით ჩამორჩება.

ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებში იმპორტი მთავარ ადგილს იკავებს. რამდენიმე წელია, რაც ეს მაჩვენებელი დადებითი ტრენდს აჩვენებს, რაც ძირითადად ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანის გაზრდილი სტატისტიკით არის განპირობებული. 9 თვეში აშშ საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში თურქეთის შემდეგ 11.5%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებს.

მიმდინარე წელს ექსპორტ-იმპორტში მთავარი სავაჭრო საქონლის - მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირებულია. სწორედ ამან განაპირობა იმპორტის და შესაბამისად, სავაჭრო ბრუნვის შემცირებაც. წელს საქართველოში ამერიკიდან 1 მილიარდ 249 მილიონი დოლარის 103 206 ავტომობილი შემოვიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში იმპორტირებული 118 832 ავტომობილის ღირებულება 1 მილიარდ 489 მილიონ დოლარს აღწევდა.

აშშ-დან იმპორტირებული TOP-5 საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

  1. მსუბუქი ავტომობილი - $1.249 მლრდ, 103 206 ცალი;
  2. თხილი და სხვა კაკალი - $18.6 მლნ, 3 153 ტონა;
  3. კვების პროდუქტები -$5.3 მლნ, 129 ტონა;
  4. კოსმეტიკური საშუალებები - $4.6 მლნ; 68 ტონა;
  5. მოტოციკლები და ველოსიპედები - $4.4 მლნ; 676 ცალი.

გარდა ამისა, ამერიკიდან წელს შევიძინეთ ტანსაცმელი, შინაური ფრინველის ხორცი, ნახმარი ტანსაცმელი, ავტომანქანის ნაწილები, სატვირთო ავტომობილები, სატელეფონო აპარატები, დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, გაყინული თევზი, და ა.შ.

რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან აშშ-ში საქონლის რეალიზების მაჩვენებელი მცირეა, თუმცა ამერიკა უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში 2%-იანი წილით მეცხრე ადგილზეა. წლის პირველ 9 თვეში საქართველომ ამ მიმართულებით საქონლის რეალიზებით 95 მილიონ 640 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 32%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ექსპორტის ნახევარზე მეტი ადგილობრივი ნაწარმის ფეროშენადნობების გაყიდვაზე მოდის.

აშშ-ში ექსპორტირებული TOP-5 საქონლის რეიტინგი კი ასეთია:

  1. ფეროშენადნობები - $59 მლნ, 48 056 ტონა;
  2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $5.9 მლნ, 994 ტონა;
  3. საფრენი აპარატების ნაწილები - $5.2 მლნ, 23.9 ტონა;
  4. შავი ლითონების მილები, მილაკები - $4.9 მლნ, 4 632 ტონა;
  5. ხილისა და ბოსტნეულის წვენები - $3.8 მლნ, 2 596 ტონა;

გარდა ამისა, 9 თვეში ამერიკაში საქართველოდან გავიდა წყალბადი და ინერტული აირები, ეთილის სპირტი, მინერალური წყლები, დაწებებული ფანერა, სუნამოები და ტუალეტის წყალი და სხვა.

ინვესტიციები

2024 წლის მეორე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთვის არამხოლოდ ვაჭრობის მიმართულებით იყო მოწინავე ქვეყანა, არამედ ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხითაც, რომელიც მხოლოდ აპრილ-ივნისში ინვესტორი ქვეყნების პირველ ათეულში მე-7 ადგილს იკავებდა. ამ პერიოდისთვის ქვეყანაში ჩადებული ამერიკული ინვესტიციები არც ისე დიდია, წელს ამერიკული FDI-ის მოცულობა შემცირებულია. საქსტატის მიხედვით, 6 თვეში ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგში ჩადებული ამერიკული ინვესტიციების მოცულობამ 52.1 მლნ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის იანვარ-ივნისში ჯამურად 82.6 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. უნდა ითქვას ისიც, რომ 2023 წელს ამერიკული ინვესტიციების მოცულობა წლიურად 182 მილიონ დოლარამდე გაიზარდა (2022 წელს 178.7 მლნ დოლარი იყო).

ფულადი გზავნილები

აშშ დაწინაურდა საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების რეიტინგშიც. მხოლოდ სექტემბერში, ქვეყანაში სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან ფულადი გზავნილების სახით 49 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის სექტემბრის თვის მაჩვენებელს 18%-ით აღემატება.

2024 წლის იანვარ-სექტემბერში აშშ-დან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 417 მლნ დოლარი შეადგინა, ზრდა 26%-ია. ფულადი გზავნილების მიხედვით ქვეყნების რეიტინგში, საქართველო რუსეთის და იტალიის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

ტურიზმი

ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში მოგზაურობის მაჩვენებელი არც ისე დიდია. ოკეანის გაღმა მდებარე ქვეყნიდან, რომლის მოსახლეობა 327 მილიონი ადამიანია, იანვარ-სექტემბერში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა წლიურად 10.9%-ით გაიზარდა და შედეგად 48 004 ვიზიტი განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები