მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველო-სლოვაკეთს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა.
ზოგადად, საქართველო-სლოვაკეთის სავაჭრო ბრუნვა ბოლო 10 წლის განმავლობაში გარკვეულ წლებში იზრდებოდა, ზოგჯერ კი იკლებდა. ვაჭრობის ისტორიის ბოლო დეკადაში ევროკავშირის ამ წევრ ქვეყანასთან საქონლის მიმოცვლის რეკორდული მაჩვენებელი 2014 წელს გვქონდა, რაც 33 მილიონ 544 ათას დოლარს შეადგენდა. ყველაზე მინიმალური ექსპორტ-იმპორტი კი 2019 წელს იყო და 13 მლნ დოლარს არ აღემატებოდა. ბოლო 4 წელის სლოვაკეთთან საქონლით ვაჭრობის მაჩვენებელი დადებით ტრენდს დაუბრუნდა და გასულ 2022 წელს ეს რიცხვი 24 მილიონ 136 ათას დოლარამდე გაიზარდა, რაც 2021 წელთან შედარებით 65%-იანი ზრდა იყო.
ვაჭრობის ზრდის დადებითი დინამიკა მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებითაც შენარჩუნებულია,. ქვეყნებმა წელს ამ პერიოდში 17 მილიონ 811 ათასი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტ-იმპორტი განახორციელეს. წლიური ბრუნვა კი 37.9%-ით გაიზარდა.
მიუხედავად იმისა, რომ სლოვაკეთში საქონლის ექსპორტი ბოლო 4 წელია იზრდება, მისი წილი სასაქონლო ბრუნვის ჯამურ მაჩვენებელში მცირეა. იანვარ-აგვისტოში საქართველოდან სლოვაკეთში 1 მილიონ 078 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. რაც ბრუნვის მხოლოდ 6%-ს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ექსპორტი წლიურად 42.7%-ით გაიზარდა.
იმის გათვალისწინებით, რომ სლოვაკეთში გაყიდული საქონლის ღირებულება 1 მლნ დოლარს მცირედით აღემატება, ამ მიმართულებით გატანილი საქონლის ჩამონათვალიც მცირეა.
წლის პირველი რვა თვის განმავლობაში TOP-5 ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალში შემდეგი დასახელების პროდუქტები მოხვდა:
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე - $222.8 ათასი;
- ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი -$159.7 ათასი;
- ტანსაცმლის თარგების ჩათვლით სხვა მზა ნაწარმი - $128 ათასი;
- ფეროშენადნობები - $118 ათასი;
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - $87 ათასი;
გარდა ამ საქონლისა სლოვაკეთში მცირე მოცულობებით ახალი რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი, მსუბუქი ავტომობილები; წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან; მანქანები ელექტრული და აპარატურა და სხვა საქონელი გავიტანეთ.
სლოვაკეთთან საქონლით სავაჭრო ბრუნვაში მთავარი ადგილი წლების განმავლობაში იმპორტს უკავია. რვა თვის განმავლობაში იმპორტის წილი ვაჭრობაში 94%-ით განისაზღვრა და 16 მილიონ 732 ათასი დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში სლოვაკეთიდან საქონლის შეძენის მაჩვენებელი წლიურად 37.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკიდან ჩანს, რომ სლოვაკეთიდან მთავარი საიმპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია, რომლის იმპორტიც წლის პირველ რვა თვეში 41.9%-ით გაიზარდა.
TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
- მსუბუქი ავტომობილები - $5.1 მლნ;
- სამართებლები და მათი პირები - $1.7 მლნ;
- იარაღი და ინვენტარი ფიზკულტურული საქმიანობისათვის - $1 მლნ;
- სანიტარულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები, ბავშვის სახვევები და ამოსაფენები და ანალოგიური ნაწარმი - $1 მლნ;
- ელექტროსამართებლები და თმის საკრეჭი მანქანები ჩადგმული ელექტროძრავით - $677 ათასი;
- დანადგარები საკვები პროდუქტების ან სასმელების სამრეწველო წარმოებისათვის - $526 ათასი;
- ელექტრული წყალგამახურებლები - $506 ათასი;
- აირის, სითხის ან ელექტროენერგიის მიწოდების ან წარმოების მრიცხველები - $501 ათასი;
- ონკანები, სარქველები და ანალოგიური არმატურა მილგაყვანილობების, საქვაბეების - $501 ათასი;
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - $405 ათასი;
სლოვაკეთიდან შეძენილი საქონლის ჩამონათვალში ვხვდებით ასევე ფიზიკური ან ქიმიური ანალიზისათვის ხელსაწყოებსა და აპარატურას; სანთებელები სიგარეტის და სხვა სანთებელები; სპეციალური დანიშნულების ავტომობილები; სატვირთო ავტომობილები; ბოჭკოვანი მინა და მისი ნაწარმი; ცენტრალური გათბობის ქვაბები; ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი; საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი; ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები; ტუმბოები საჰაერო ან ვაკუუმიანი, საჰაერო ან აირის კომპრესორები და ვენტილატორები და სხვა.