საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციას 11 ივნისს ეკონომიკის მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდნენ. გაიმართა შეხვედრა საქართველოს ეკონომიკის მინისტრსა და სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრს შორის. მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების არსებულ მდგომარეობაზე ილაპარაკეს და ზრდა/განვითარების პერსპექტივები განიხილეს.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო იმ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს, რომელიც სლოვაკეთს შეუძლია საქართველოს გადასცეს ევროკავშირში უფრო სწრაფად და ეფექტიანად ინტეგრირების მიმართულებით.
სლოვაკეთის სამთავრობო დელეგაციის წევრებს ასევე შეხვდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა.
bm.ge გთავაზობთ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ ურთიერთობას რიცხვებში:
ვაჭრობა
საქართველოსა და სლოვაკეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის 4 თვეში 6.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2.6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე. $6.7 მლნ-დან იმპორტმა $5.8 მლნ შეადგინა, ხოლო ექსპორტმა, მხოლოდ $866.8 ათასი აშშ დოლარი. საქართველოდან სლოვაკეთში ექსპორტი წელს 67.2%-ით გაიზარდა.
რა გავყიდეთ 2024 წლის იანვარ-აპრილში? TOP-5 პროდუქტი:
- თხილი და სხვა კაკალი - $406 ათასი;
- მზა ნაწარმი, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - $315.6 ათასი;
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, დამზადებული ან დაკონსერვებულ - $162.2 ათასი;
- ეთილის სპირტი არადენატურირებული - $71.9 ათასი;
- გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულის ფქვილი და ფხვნილი - 38.2 ათასი.
ზრდის განმაპირობებელი თხილის ექსპორტია. გასული წლის საანგარიშო პერიოდში, ქართული თხილი სლოვაკეთის ბაზარზე საერთოდ არ გაყიდულა.სლოვაკეთიდან საქართველოში იმპორტი წელს 3.8%-ით შემცირდა.
რა ვიყიდეთ 2024 წლის იანვარ-აპრილში სლოვაკეთიდან? TOP-5 პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - $1.4 მლნ;
- ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - $1.1 მლნ;
- იარაღი და ინვენტარი ფიზკულტურული საქმიანობისათვი - $543.7 ათასი;
- სანიტარულ-ჰიგიენური საფენები და ტამპონები - $463.2 ათასი;
- სამართებლები და მათი პირები - $425 ათასი.
კლება, მსუბუქი ავტომობილების იმპორტის შემცირებითაა განპირობებული. გასული წლის საანგარიშო პერიოდში სლოვაკეთისგან საქართველომ 3.3 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები შეიძინა.
ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის მაქსიმუმი 2014 წელს დაფიქსირდა, რაც 33.5 მლნ აშშ დოლარი იყო.
ინვესტიციები
პირველ კვარტალში სლოვაკეთიდან საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საერთოდ არ შემოსულა. 2023 წელს კი, მაჩვენებელი $1.8 მლნ-ით შემცირდა.
FDI მაქსიმუმი 2016 წელს დაფიქსირდა, როცა საქართველოში 16.6 მლნ აშშ დოლარის სლოვაკური ინვესტიცია ჩაიდო.
ფულადი გზავნილები
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით 2024 წლის აპრილში საქართველოში სლოვაკეთიდან 1 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა. წლის დასაწყისიდან კი, 2.2 მლნ აშშ დოლარი.