წარმოიდგინეთ მომავალი, როცა მზის შუქი დამოკიდებულია არა დღე-ღამის ცვლაზე და კოსმოსში ციური სხეულების მოძრაობაზე, არამედ ადამიანის სურვილზე. როგორც ჩანს, ეს მომავალი არც თუ ისე შორის არის, რადგან კალიფორნიაში გამოჩნდა კომპანია, რომელსაც შეუძლია, მზე ღამით ისევე ჩართოს, როგორც ლამპიონი. ამ კომპანიას Reflect Orbital-ი ჰქვია და ის დიდი სარკეებით აღჭურვილ კოსმოსურ თანამგზავრებზე მუშაობს, რომელთა დახმარებით მზის სხივის არეკვლა დედამიწის ნებისმიერ წერტილში და ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი.
როგორც კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, სტარტაპის მიზანი პლანეტის ენერგეტიკული ქსელის ეფექტიანობის გაუმჯობესებაა. ამჟამად, მზის ენერგიისგან ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა ორნაირად შეიძლება: მზის პანელების რაოდენობის გაზრდით ან ფოტოვოლტაიკური ტექნოლოგიის გაუმჯობესებით, მაგრამ მთელ ამ პროცესში უცვლელად ნარჩუნდება თავად მზე, რომელიც, რეალურად, ენერგიის მთავარი წყაროა დედამიწაზე. შესაბამისად, როგორც Reflect Orbital-ში ფიქრობენ, მზის სხივის არეკვლით, მზის ელექტროსადგურები ღამითაც იმუშავებენ, რაც მათ ეფექტიანობას გაზრდის, ხოლო პლანეტის ენერგეტიკულ ქსელს უფრო მწვანეს გახდის.
როგორც კომპანიაში ამბობენ, პირველ ეტაპზე დედამიწის ორბიტაზე მცირე ზომის პროტოტიპული თანამგზავრი გაეშვება, რომელსაც 100 კვადრატული მეტრის ფართობის კვადრატული რეფლექტორი ექნება. როგორც პროექტის სკეპტიკოსები ამბობენ, ამ ზომის რეფლექტორით შეუძლებელია იმ მოცულობის სხივის მობილიზება, რომ ეს საქმე კომერციულად საინტერესო იყოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მოწყობილობა პროტოტიპულია, რომელმაც, სხვათა შორის, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ვენჩურული ფონდი, Sequoia უკვე დააინტერესა. სამომავლოდ, კომპანია დედამიწის ორბიტაზე რამდენიმეჯერ უფრო დიდი რეფლექტორების მქონე ათასობით თანამგზავრის გაშვებას გეგმავს.
თუკი Reflect Orbital-ის გუნდის გეგმები გამართლდა, ენერგეტიკის სექტორი ძალიან შეიცვლება. თან, დროსთან ერთად, კომპანიას შეუძლია თანამგზავრები გაცილებით მაღალ ორბიტაზე განათავსოს, რითაც მზის სხივის გადამისამართებას უფრო ეფექტიანად შეძლებს და საბოლოო ჯამში, კონკრეტულ ადგილებში დღეს დააგრძელებს. როგორც კომპანიაში ამბობენ, აღნიშნული ტექნოლოგია ბატარეებს და ელექტროენერგიის წარმოების სხვა მეთოდებს, მათ შორის ბირთვულ რეაქტორებს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ შეძლებს, მზის ენერგეტიკა გაცილებით ეფექტიან საქმიანობად აქციოს, რადგან ადამიანები, რომელთაც მზის პანელები აქვთ, ელექტროენერგიის გამომუშავებას ღამითაც შეძლებენ, რაც დღეს, უბრალოდ შეუძლებელია.