ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Vinoveli Inc-ის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუ-იორკში, როკფელერების ცენტრში, ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ბიზნესფორუმი გაიმართა.
უწყების ინფორმაციით, ღონისძიებას ღვინის ბლოგერები, იმპორტიორები, მედიის, HoReCa-სა და კომერციული სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების 40-მდე სხვადასხვა სახეობის ღვინო დაეგემოვნებინათ. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის 8 000-წლიანი მეღვინეობის ტრადიციის, ადგილობრივი ვაზის ჯიშებისა და ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალური ტექნოლოგიის შესახებ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიებები ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მომხმარებელთა ინტერესის ზრდასა და აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ აშშ ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და მაღალფასიანი ბაზარია, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი დაახლოებით 6 აშშ დოლარს აღწევს, მაშინ როდესაც ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი მთლიანობაში 3.11 აშშ დოლარია.
თუმცა, მიუხედავად მარკეტინგული კამპანიებისა, მიმდინარე წელს აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი შემცირებულია. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან აშშ-ში 1.9 მილიონი დოლარის ღირებულების 335 012 ლიტრი ღვინო გავიდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტმა 2.4 მილიონი დოლარი და 386 015 ლიტრი შეადგინა. შესაბამისად, ექსპორტის ღირებულება 22%-ით, ხოლო მოცულობა 13.2%-ით შემცირდა.
შემცირებულია აშშ-დან ღვინის იმპორტიც. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველომ აშშ-დან 5.4 ათასი დოლარის ღირებულების 23 ლიტრი ღვინო შეიძინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი 14.8 ათას დოლარს და 266 ლიტრს შეადგენდა. შედეგად, იმპორტის ღირებულება 63.5%-ით, ხოლო მოცულობა 91.3%-ით შემცირდა.




























