აშშ-ის შრომის ბაზარზე ვითარება უარესდება. უახლესი მონაცემების თანახმად, ვაკანსიების რაოდენობა ქვეყანაში 6.5 მილიონამდე შემცირდა, რაც 2020 წლის პანდემიური პერიოდის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
შრომის სტატისტიკის ბიუროს ანგარიში აჩვენებს, რომ ვაკანსიების კლება თითქმის ყველა ძირითად სექტორში ფიქსირდება, თუმცა ყველაზე მკვეთრად ეს ტექნოლოგიურ, საფინანსო და საცალო ვაჭრობის სფეროებში იგრძნობა.
ანალიტიკოსების განმარტებით, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და 2025 წელს დაწყებული ეკონომიკური გაურკვევლობა ბიზნესს აიძულებს, აქცენტი ხარჯების ოპტიმიზაციაზე გააკეთოს და არა – გაფართოებაზე.
პარალელურად, შემცირებულია იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც სამსახურს საკუთარი სურვილით ტოვებენ. ეს იმის მანიშნებელია, რომ დასაქმებულები უფრთხიან რისკებს და არსებულ პოზიციებს უფრო მეტად უფრთხილდებიან, რადგან ახალი სამსახურის პოვნის შანსები საგრძნობლად შემცირებულია.
მიუხედავად იმისა, რომ უმუშევრობის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე ჯერ არ ასულა, ვაკანსიების ასეთი მკვეთრი კლება ფედერალურ რეზერვზე წნეხს აძლიერებს, რათა მან საპროცენტო განაკვეთი შეამციროს და ეკონომიკას განვითარების სტიმული მისცეს. როგორც იცით, FED-ს ორი ძირითადი მიზანი აქვს: მაქსიმალური დასაქმების და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, თუ დასაქმების ბაზარზე ვითარება გამწვავდება, ფედერალურ რეზერვს ინტერვენცია მოუწევს.




























