თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის ენერგეტიკული სამინისტრო ქვეყნის სტრატეგიული რეზერვებიდან ბაზარზე დამატებით 20 მილიონ ბარელ ნავთობს გაიტანს გასაყიდად.
აღნიშნული ქმედების მიზანი დასავლურ ბაზრებზე ენერგორესურსების გაძვირებით გამოწვეული ზეწოლის შემსუბუქება და ფასების მერყეობის შემსუბუქებაა. სახაზინო დეპარტამენტის შეფასებით, სტრატეგიული რეზერვების გამოყენების საშუალებით საწვავის ფასი ყოველ გალონზე დაახლოებით 40 ცენტითაა შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ ეს მიმდინარე წელს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რეზერვების გამოყენების რიგით მეხუთე შემთხვევაა. საერთო ჯამში, აშშ-მა საერთაშორისო ბირჟას სტრატეგიული რეზერვებიდან 125 მილიონი ბარელი ნავთობი მიაწოდა.
ექსპერტების შეფასებით, დამატებით 20 მილიონი ბარელის მიწოდება გარკვეულ გავლენას აუცილებლად მოახდენს ნავთობის ფასებზე, თუმცა აღნიშნული მოცულობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება მკვეთრად შემცირდეს.
ამჟამად ბარელი Brent-ის ღირებულება 105 დოლარს შეადგენს, ხოლო WTI Crude-ის ფასი 97 დოლარის ფარგლებში მერყეობს.




























