I კვარტალში ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, $201 მილიონიან FDI-ში ამერიკის შეერთებული შტატები ინვესტორი ქვეყნების TOP-3-ეულშია. პირველ სამ თვეში ამერიკიდან ქვეყნის ეკონომიკაში 33 მლნ 715 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის რიცხვებს ჩამორჩება. 2023 წლის პირველ კვარტალში ამერიკული ინვესტიციის მოცულობა 55.9 მლნ დოლარი იყო.
BM.GE-მ საქსტატიდან იმ სექტორების და კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა, სადაც აღნიშნულ პერიოდში აშშ-დან ინვესტიციები ჩაიდო. ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, რომ პირველ კვარტალში ყველაზე დიდი ამერიკული ინვესტიცია ინფორმაციასა და კომუნიკაციაში ჩაიდო. ეკონომიკის TOP-5 სექტორის რეიტინგი განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით კი ასეთია:
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - $17.4 მლნ;
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - $9.4 მლნ;
- განათლება - $2.9 მლნ;
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - $2.7 მლნ;
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - $2.3 მლნ;
ამ სექტორების გარდა ამერიკიდან პირდაპირი ინვესტიციები მცირე მოცულობებით საფინანსო და სადაზღვევო სექტორში, ხელოვნებასა და გართობა-დასვენებაში და სხვა სახის მომსახურებაში ჩაიდო. ამავე პერიოდში სხვადასხვა სექტორიდან, კერძოდ კი სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში, ასევე დამმუშავებელ მრეწველობასა და საბითუმო და საცალო ვაჭრობაში ჩადებული ინვესტიციების გადინებაც დაფიქსირდა.
რაც შეეხება TOP-5 საწარმოს, სადაც ამ პერიოდში აშშ-დან მსხვილი პირდაპირი ინვესტიციები ჩაიდო, საქსტატის მონაცემებით, კომპანიების ჩამონათვალი ასეთია:
- ფონდი World Vision International-ის ფილიალი (წარმომადგენლობა) საქართველოში;
- ეკონომიკის გაუმჯობესება ძლიერი საზოგადოებისთვის ფილიალი საქართველოში;
- შპს მაგთიკომი;
- საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალი-CNFA საქართველო;
- შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია.
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით