აშშ-სა და უკრაინას შორის საუდის არაბეთში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები "პროდუქტიულად" წარიმართა. მისივე თქმით, აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრაზე ენერგეტიკული ობიექტების დაცვის მნიშვნელობაც განიხილეს.
მანამდე აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა Fox news-ს უთხრა, რომ პუტინს მშვიდობა სურს. "ვერ ვხედავ, რომ პუტინს მთელი ევროპის დაპყრობა სურს", - თქვა მან.
უკრაინულ მხარესთან შეხვედრის შემდეგ 24 მარტს, საუდის არაბეთში ამჯერად რუსეთის დელეგაციასთან გაიმართება მოლაპარაკებები.
ცეცხლის 30 დღით შეწყვეტა - ეს საუდის არაბეთში უკრაინის და აშშ-ის დელეგაციებს შორის გამართული პირველი შეხვედრის მთავარი შეთანხმება იყო. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო ის, რომ უკრაინას დაპაუზებულ სამხედრო და სადაზვერვო დახმარებას აღუდგენდა.
28 თებერვლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ეს ამერიკელებსა და უკრაინელებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. 5 მარტს მედიით გავრცელდა ცნობები, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის სადაზვერვო მონაცემების გაზიარება შეაჩერა. მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინას სამხედრო დახმარება შეუჩერა.