რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის განცხადებით, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანებასთან არავითარ კავშირში არაა. მისი თქმით, ასოცირების შეთანხმება ევროკავშირს ბევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, ისევე როგორც საქართველოსთან და ის არ ემსახურება ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს.
"ელჩმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. თვითგამოცხადებული მთავრობა თავს იმართლებს, ჩვენ ხომ ევროინტეგრაცია არ შეგვიჩერებიაო. ასოცირების შეთანხმების შესრულების დაპირება არანაირად არ ნიშნავს, რომ შენ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს აგრძელებ. ასოცირების შეთანხმება ევროკავშირს მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული და ის არ ემსახურება ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს. ის მჭიდრო თანამშრომლობის და ნაწილობრივ, ეკონომიკური ინტეგრაციის ინსტრუმენტია.
არავითარ კავშირში ევროკავშირში გაწევრიანებასთან ეს შეთანხმება არ არის. გინდა 90%-თ შეასრულე და გინდ 100%-ით. ევროკავშირში ინტეგრაცია (არა ევროინტეგრაცია, რაც სულ სხვა რამეს ნიშნავს და ამ ტერმინით სპეკულაცია დამაბნეველია) მხოლოდ გაფართოების პროცესში მონაწილეობით - ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების წარმოება, გაწევრიანების შეთანხმების დადება, წევრობა. მხოლოდ ამათი თანმიმდევრობა განასახიერებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. და, ეს პროცესი შეჩერებულია. ამიტომ, ჰერჩინსკის არაფერი შეშლია და ოცნების ადმინისტრაციის პრესსამსახური ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება", - განმარტავს კახა გოგოლაშვილი.
საქმე იმაშია, კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. მისი თქმით, 4 წლის თავზე "შესრულებული გვექნება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, DCFTA-თ გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი". მისი თქმით, ამის შემდეგ, უფრო მეტად მზად იქნება ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.