პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩის დღევანდელ განცხადებას სიცრუეს და დეზინფორმაციას უწოდებს. მან ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პაველ ჰერჩინსკიმ დღეს გააკეთა შეფასება და სამწუხარო უწოდა კობახიძის გუშინდელ განცხადებას, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას მომავალი 4 წლის განმავლობაში.
თავის მხრივ, კობახიძე ირწმუნება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. მისი თქმით, გუშინ, აქციაზე მყოფი ადამიანების ნაწილმა მისი განცხადება არ წაიკითხა ან ვერ გაიაზრა, თუმცა ევროკავშირის ელჩი ამას შეგნებულად არ იაზრებს.
"ელჩის განცხადება არის სიცრუე და დეზინფორმაცია. ეს ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხაროა. კარგად შეგიძლიათ წაიკითხოთ გუშინდელი ბრიფინგის ტექსტი. შეიძლება გუშინ რუსთაველის გამზირზე გამოსული ადამიანების დიდ ნაწილს არ ჰქონდა ბოლომდე წაკითხული ეს ტექსტი ან თუ წაიკითხა, შეიძლება ბოლომდე ვერ გაიაზრა. მაგრამ მგონია, ევროკავშირის საელჩოში არ უნდა ჰქონდეთ წაკითხულის ან მოსმენილის გააზრების პრობლემა. ბრიფინგის ტექსტში პირდაპირ წერია, რომ ჩვენ ვართ ევროპული კურსის ერთგული. წერია, რომ 4 წლის თავზე შესრულებული გვექნება ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, DCFTA-თ გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი. რა უნდა ამის გააზრებას, წაკითხულის ან მოსმენილის გააზრებას. როდესაც ამას შეგნებულად არ იაზრებს ევროკავშირის ელჩი, ჩვენ გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამით აგრძელებს, წინასაარჩევნო აგიტაციას და აქვს იგივე დღის წესრიგი. ეს უნდა შეიცვალოს. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ დიპლომატიურ რეაგირებაზე, რომ ქცევის ცვლილებაა საჭირო", - თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. "დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან", - თქვა კობახიძემ.
საკითხს დღეს გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკიმ ამ განცხადებას სამწუხარო უწოდა.
რაც გუშინ მოხდა, ღიად ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას - პაველ ჰერჩინსკი
მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს, EU თქვენთანაა. სრულად გვესმის თქვენი ბრაზი - პაველ ჰერჩინსკი
ვიმედოვნებდით, არჩევნები პოზიტიურ იმპულსს მისცემდა EU-საქართველოს ურთიერთობებს - ელჩი