მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინების ორი დოზა ომიკრონის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტიანია - ოქსფორდის კვლევა

61b75282b6014
ნათია თაქთაქიშვილი
14.12.21 00:20
4710
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი კვლევა გამოაქვეყნეს, ისინი აღნიშნავენ, რომ ომიკრონის წინააღმდეგ AstraZeneca-ს და Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ნაკლებად ეფექტიანია. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მეცნიერების თქმით, ვაქცინის ბუსტერის მიღების შემთხვევაში ვაქცინის ეფექტიანობა 70-75%-ს უტოლდება.

ოქსფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო მეცნიერებათა განყოფილების ხელმძღვანელის და ნაშრომის წამყვანი ავტორის გევინ სკრიტონის განცხადებით, ყველა მოქალაქეს, ვისაც წვდომა აქვს კორონავირუსის ვაქცინის ბუსტერ დოზაზე, აუცილებლად უნდა გაიკეთოს ის.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ომიკრონით ინფიცირების შემთხვევაში სრულად ვაქცინირებულებში სიკვდილიანობა მოიმატებს, საზოგადოება უნდა იყოს ფრთხილად, რადგან ინფიცრებულთა რაოდენობის ზრდა გარდაუვალია, ჩვენი მიზანია ახალი შემთხვევების დიდი რაოდენობა მძიმე ტვირთად არ დაწვეს ჯანდაცვის სექტორს“, - განაცხადა გევინ სკრიტონმა.

კვირას სატელევიზიო მიმართვაში დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქვეყნის მოსახლეობას მიმართა და აცნობა, რომ მთავრობა მოსახლეობას ბუსტერ დოზებს მიმდინარე წლის ბოლომდე აქტიურად შესთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები