მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინამ 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

5fbb6d66bee94
შოთა ტყეშელაშვილი
23.11.20 12:07
1097
კორონავირუსის წინააღმდეგ ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ ვირუსის პრევენციისთვის 70%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. Bloomberg-ის თანახმად, ფარმაცევტულმა კომპანიამ ვაქცინის ეფექტიანობის შედეგების შესახებ პირველადი ანგარიში დღეს გამოაქვეყნა.

ახალი ვაქცინის ეფექტიანობა უფრო დაბალია ვიდრე Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინა, რომელმაც სიმპტომური ინფიცირების დონე 95%-ით შეამცირა. კომპანია Moderna-ს მიერ წარმოებულმა ვაქცინამ კი 94.5%-იანი შედეგები უჩვენა.

AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის პირველადი შედეგები ორი საცდელი ჯგუფის ერთობლივ მაჩვენებლებს ასახავს. აქედან პრველ 2,700-კაციან ჯგუფში ვაქცინამ 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, მეორე 9,000-იან ჯგუფში კი - 62%-იანი ეფექტიანობა. 

Bloomberg-ის თანახმად, ვაქცინამ საუკეთესო შედეგები აჩვენა მაშინ, როდესაც ცდის პირებმა თავდაპირველად ვაქცინის ნახევარი დოზა მიიღეს, ხოლო ერთი თვის შემდეგ კი, ვაქცინის სრული ერთი დოზა. 

ფარმაცევტული კომპანიის ინფორმაციით, ცდის პირებში მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა. 

იმის მიუხედავად, რომ AstraZeneca-ს ვაქცინის ეფექტიანობა უფრო დაბალია, მას Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინებთან შედარებით ერთი უპირატესობა გამოარჩევს - ეს შენახვის განსხვავებული პირობებია, რადგან კონკურენტებისგან განსხვავებით ვაქცინა არა - ღრმა ყინვის პირობებში, არამედ უბრალოდ გაციებულ მდგომარეობაში უნდა ინახებოდეს. ეს კი თავის მხრივ, ვაქცინის ტრანსპორტირების და განაწილების პროცესს საგრძნობლად ამარტივებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები