“აპოლოს” ბოლო მისიიდან 50 წლის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები მთვარეზე ხომალდის დასმას კიდევ ერთხელ, 25 იანვარს ცდის - ამის შესახებ ინფორმაციას კერძო კომპანია Astrobotic-ის ხელმძღვანელი ავრცელებს.
ხომალდს, სახელად Peregrine, ეკიპაჟი არ ეყოლება. ის ამერიკულმა კომპანია Astrobotic-მა შექმნა. ჯონ თორნტონი, კომპანიის CEO აცხადებს, რომ ლენდერზე NASA-ს ინსტრუმენტებიც მოხვდება, რომლებითაც მთვარის ზედაპირს შეისწავლიან.
ახალი რაკეტის გაშვების თარიღად 24 დეკემბერია ჩანიშნული, რის შემდეგაც კოსმოსური აპარატი მთვარის ორბიტამდე მისაღწევად რამდენიმე დღეს მოანდომებს. 25 იანვრიდან კი კომპანიას საშუალება ექნება, ხომალდის მთვარის ზედაპირზე დასმა სცადოს. მთელი ეს პროცესი ავტომატურად, ადამიანის ჩარევის გარეშე წარიმართება, თუმცა Astrobotic-ი მას დედამიწის საკონტროლო ცენტრიდან დააკვირდება.
NASA-მ კერძო კომპანიებთან მთვარეზე ექსპედიციების ჩასატარებლად შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარებისთვის კონტრაქტების გაფორმება რამდენიმე წლის წინ, CLPS პროგრამის ფარგლებში დაიწყო, რომლის მიზანიც “მთვარის ეკონომიკის” შექმნა/განვითარება და სატრანსპორტო სერვისების დაბალ ფასიანი ალტერნატივების შექმნაა.
წარმატების შემთხვევაში, Astrobotic-ი გახდება პირველი კერძო კომპანია, რომელიც ლენდერს მთვარეზე დასვამს. ამ ტიტულის მოპოვება მიმდინარე წლის გაზაფხულზე იაპონურმა სტარტაპმაც სცადა, თუმცა მისია ხომალდის აფეთქებით დასრულდა. 2019 წელს დედამიწის თანამგზავრზე ექსპედიციის ჩატარების მცდელობა ჰქონდა ისრაელსაც. თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ 4-მა ქვეყანამ წარმართა ეს პროცესები წარმატებულად: აშშ, რუსეთი, ჩინეთი და ინდოეთი, რომელმაც ეს სულ რამდენიმე თვის წინ შეძლო.