აუდიტის სამსახურმა საჯარო მოხელეთა პროფესიული განვითარების ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც რიგ ხარვეზებზე მიუთითებს. აუდიტის მიხედვით, საჯარო სამსახურის ბიურომ, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების მიმართულებით განახორციელა არაერთი აქტივობა, თუმცა რიგი საკითხები კვლავ აქტუალურია და საჭიროა სათანადო ღონისძიებების გატარება.
საჯარო სამსახურის ბიურო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების კოორდინაციას და ატარებს შესაბამის ღონისძიებებს მოხელეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებისთვის, აწარმოებს და აანალიზებს საჯარო მოხელეთა შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას, მეთოდურ დახმარებას უწევს საჯარო სექტორს და აღნიშნულ სფეროში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე ამზადებს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საჯარო სამსახურის საბჭო, რომელიც იკრიბება 6 თვეში ერთხელ, თუმცა ბიუროს განმარტებით აუდიტის პერიოდში საბჭო არ შექმნილა.
„აუდიტის მიმდინარეობისას, ოთხი სამინისტროს მაგალითზე გაანალიზდა პროფესიული განვითარების საჭიროების დადგენის პროცესი, სასწავლო გეგმებისა და მისი შემდგომი უზრუნველყოფის შესახებ მონაცემები და აღნიშნული პროცესის ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით ბიუროს მიერ გატარებული აქტივობები.
შედეგად გამოიკვეთა შემდეგი ნაკლოვანებები:
• შესწავლილ ორგანიზაციებს რიგ შემთხვევებში საჯარო სამსახურის ბიუროში არ ჰქონდათ წარდგენილი პროფესიული განვითარების გეგმები ან წარდგენილი გეგმები არ იყო სრულყოფილი. ანალიზის შედეგად ასევე გამოიკვეთა, რომ პროფესიული განვითარების გეგმების წარდგენა ძირითადად ფორმალურ ხასიათს ატარებს, შესაბამისად, ბიუროს მხრიდან არ არის უზრუნველყოფილი ინფორმაციის სრულყოფილი ანალიზი და შეფასება;
• პროფესიული განვითარების გეგმების შედგენის პროცესში, არ იკვეთება მკაფიო კავშირი შესწავლილი სამინისტროების მიერ დაგეგმილ ტრენინგებსა და ორგანიზაციის პრიორიტეტებსა და ამოცანებს შორის, რადგან დაგეგმილი ტრენინგები ზოგადი ხასიათისაა და ნაკლებად არის ორიენტირებული დარგობრივი მიმართულებით კომპეტენციების ამაღლებასა და განვითარებაზე. შესაბამისად, არ არის უზრუნველყოფილი სპეციალიზებული და პრიორიტეტული მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების განვითარების შესაძლებლობა. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნების და რეკომენდაციების მიუხედავად, ზემოაღნიშნული გარემოებები კვლავ გამოწვევად რჩება;
• შესწავლილი სამინისტროებიდან მოწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ პროფესიული განვითარების დამატებითი პროგრამების ჯამური შესრულების მაჩვენებელი იყო მცირე და შეადგინა საშუალოდ 14%. ასევე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა ფაქტობრივად ჩატარებულ ტრენინგებში დარგობრივი თემატიკის ტრენინგების წილი, რომელმაც ჯამურად ჩატარებული დამატებითი ტრენინგების საშუალოდ 17% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დარგობრივი მიმართულებით ჩატარებული ტრენინგები ძირითადად არ იყო გათვალისწინებული პროფესიული განვითარების გეგმებში, რაც მიუთითებს ორგანიზაციული მიზნებისა და სტრატეგიული ამოცანების სათანადოდ შესრულების რისკებისა და დაგეგმვის პროცესის ნაკლოვანებაზე. საჯარო სამსახურის ბიუროს, პროფესიული განვითარების გეგმების შემუშავების და შემდგომი უზრუნველყოფის შესწავლის მიზნით, არ შეუფასებია ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი და შესრულებული ტრენინგების შინაარსობრივი ნაწილი;
• ოთხი სამინისტროს შემთხვევაში, რეალურად ჩატარებული ტრენინგებისა და მონაწილე თანამშრომლების რაოდენობა, ნაკლები იყო გეგმით გათვალისწინებულზე, რაც მიუთითებს პროფესიული განვითარების პროცესის დაგეგმვისა და მისი შემდგომი უზრუნველყოფის ხარვეზებზე. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნებისა და რეკომენდაციების მიუხედავად, აღნიშნული გარემოებები კვლავ გამოწვევად რჩება;
• შესწავლილ ორგანიზაციებს არ აქვთ შემუშავებული პროფესიული საჭიროების დადგენის მეთოდოლოგიები. რადგან საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ზოგადი ხასიათის „მოხელის პროფესიული განვითარების სახელმძღვანელო“ არ მოიაზრებს პროფესიული განვითარების მიმართულებით კონკრეტული ორგანიზაციების საჭიროებებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის ბიუროს მხრიდან არსებობდეს დამატებითი აქტივობები, ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნული პროცესის ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად;
• საჯარო სამსახურის ბიუროს აუდიტის პერიოდში არ ჰქონდა შესაძლებლობა, განეხორციელებინა საჯარო სექტორში დასაქმებულების პროფესიული განვითარების მიმართულებით მონაცემების სრულყოფილი ანალიზი და შეფასება, რადგან სსიპებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ევალებათ აღნიშნული ინფორმაციის ბიუროსთვის გაგზავნა. გამომდინარე იქიდან, რომ სსიპები არსებით როლს ასრულებენ ქვეყნის სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულების განვითარებაში, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამსახურის ბიურო ფლობდეს ინფორმაციას სსიპ-ებში პროფესიული განვითარების მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზე, რათა განხორციელდეს საჯარო სექტორში დასაქმებულების კვალიფიკაციის შესახებ სრულყოფილი მონაცემების ანალიზი და შემუშავდეს შემდგომი აქტივობები;
• ტრენინგების ჩატარება ძირითადად უზრუნველყოფილია დონორებისგან მიღებული დაფინანსებით, რადგან სამინისტროების ბიუჯეტი არ არის საკმარისი პროფესიული საჭიროებების სათანადოდ უზრუნველსაყოფად. მიუხედავად იმისა, რომ დონორები აქტიურად არიან ჩართულები სწავლების პროცესის მხარდასაჭერად, ხშირ შემთხვევებში სამინისტროებისთვის რთულია წინასწარ, მეტი სიზუსტითა და საჭიროებების გათვალისწინებით განსაზღვრონ პროფესიული განვითარების გეგმები“, - წერია აუდიტის ანგარიშში.




























