მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტის სამსახური 2023 წლის ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნებს აქვეყნებს

639b08d72ee11
BM.GE
15.12.22 14:07
753
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2023 წლის ბიუჯეტის მესამე ვერსიაზე განახლებული დასკვნა მოამზადა. უცვლელია აუდიტის სამსახურის შეფასება, რომ პროგრამული ბიუჯეტის თავი დახვეწას საჭიროებს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც აუდიტის სამსახური წერს სახელმწიფო საწარმოების ოპერირებასთან დაკავშირებული ფისკალური რისკებია.

აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ძირითად საკითხებზე:

● ბიუჯეტის კანონპროექტზე თანდართული „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების“ დოკუმენტით 2023 წლისთვის განსაზღვრული ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 4.7%-დან 5.3%-მდე გაიზარდა, თუმცა საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებთან შედარებით ისევ ოპტიმისტურია;
● მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის კანონპროექტს ახლდეს ინფორმაცია სხვადასხვა ეკონომიკური სცენარის რეალიზების შემთხვევაში ფისკალური პოლიტიკის შესაბამისი პასუხების შესახებ;
● ფისკალური რისკების კუთხით, საყურადღებოა, სახელმწიფოს საწარმოებიდან, ელექტროენერგიის შესყიდვასთან დაკავშირებული კონტრაქტებიდან და საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტებიდან (PPP) მომდინარე ფისკალური რისკები;
● 2021 წელს სახელმწიფო საწარმოთა ჯამურმა მოგებამ (დაბეგვრამდე) 376 მლნ ლარი შეადგინა, რაც მთლიანად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გამყარების შედეგად გამოწვეული კურსთაშორის სხვაობიდან მიღებული მოგებით (515 მლნ ლარი). აღსანიშნავია, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში საწარმოთა ნაერთი ფინანსური შედეგი დადებითი მხოლოდ 2019 წელს იყო;
● ამასთანავე, საყურადღებოა, რომ საოპერაციო საქმიანობაში ძირითადად უარყოფითი ფინანსური შედეგების პირობებში, სახელმწიფო საწარმოთა აქტივების მნიშვნელოვანი ნაწილის დაფინანსების წყაროს ვალდებულებები წარმოადგენს;
● „ფისკალური რისკების ანალიზის“ განახლებულ დოკუმენტში წარმოდგენილი სახელმწიფო საწარმოთა სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით, საწარმოთა ფინანსურ მაჩვენებლებზე მნიშვნელოვანი გავლენით ხასიათდება ვალუტის გაცვლითი კურსის შოკი, რომლის რეალიზების პირობებში განხილულ საწარმოთა ჯამური ზარალი 3.2 მლრდ ლარს აღწევს. აღნიშნული რისკის სრულად ან ნაწილობრივ რეალიზებამ სახელმწიფოს წინაშე შესაძლოა წარმოქმნას გაუთვალისწინებელი ვალდებულებების დაფარვის საჭიროება;
● საჯარო ფინანსების სტატისტიკის წარმოების მიზნებისათვის საქართველოს კანონმდებლობით პირობითი ვალდებულებების ცნება განმარტებული არ არის. მიზანშეწონილია, ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს საკანონმდებლო დონეზე პირობითი ვალდებულებების განმარტება აღნიშნული მიზნობრიობით, მათი მოცულობის შეფასება და შესაბამის საბიუჯეტო დოკუმენტებში წარმოდგენა;
● რაც შეეხება ფისკალურ წესებს, 2023 წლის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტი 2.8%-ის დონეზეა პროგნოზირებული და ორგანული კანონით დაწესებულ ზღვარშია მოქცეული. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტზე თანდართული განახლებული პროგნოზების მიხედვით, დეფიციტის მაჩვენებელი ზღვრული 3.0%-იანი ნიშნულის ფარგლებში 2022 წელს ბრუნდება და 2.7%-ს უტოლდება;
● ვალის წესის მიზნებისთვის დათვლილი საპროგნოზო მაჩვენებელი 38.8%-ს შეადგენს (შემცირდა 0.6 პპ-ით) და 60%-იანი ნიშნულის ფარგლებშია მოქცეული. აღსანიშნავია, რომ მაჩვენებელი არ მოიცავს სამთავრობო სექტორად დაკლასიფიცირებული საწარმოების ვალდებულებებს, რომელიც 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 211 მლნ ლარს (2023 წლის მშპ-ის 0.3%-ს) შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული ვალდებულებები სრულად დაიფარება 2023 წლის ბოლომდე;
● კანონპროექტზე თანდართულ „ვალის მდგრადობის ანალიზის“ დოკუმენტში გამოყენებული მოდელი არ ითვალისწინებს PPP პროექტების ფარგლებში აღებულ ვალდებულებებსა და მოკლევადიანი ვალის კომპონენტს. გარდა ამისა, მიზანშეწონილია, ვალის მდგრადობის ანალიზის ჩასატარებლად ფინანსთა სამინისტრომ გამოიყენოს განახლებული მეთოდოლოგია;
● რაც შეეხება მთავრობის ვალს, 2022 წელს მოსალოდნელზე უკეთესმა ეკონომიკურმა ტენდენციებმა მნიშვნელოვნად დააჩქარა ფისკალური კონსოლიდაციის პროცესი. აღნიშნულის შედეგად, ვალის მართვის სტრატეგიით 2025 წლისთვის განსაზღვრული რიგი მიზნობრივი ნიშნულები მიმდინარე წელს იქნა მიღწეული, რის შედეგადაც სტრატეგიაში ასახულ საპროგნოზო და 2023 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით განსაზღვრულ მაჩვენებლებს შორის ფიქსირდება მნიშვნელოვანი განსხვავებები;
● მთავრობის ვალის მართვის მოქმედი სტრატეგიით განსაზღვრული მიზნობრივი ნიშნულების მიღწევის კუთხით არსებული პროგრესის, ასევე მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ფინანსთა სამინისტრომ სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის დამტკიცებამდე განაახლოს სტრატეგია და უზრუნველყოს მასში წარმოდგენილი მიზნობრივი ნიშნულების ინტეგრირება საბიუჯეტო პროცესში;
● საყურადღებოა, რომ ბოლო წლებში ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხების წილი მთავრობის საგარეო ვალში ზრდადი ტენდენციით ხასიათდება და 2022 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით 47%-ს გაუტოლდება (2018 წელს - 41%). ვალის პორტფელში აღნიშნული ტიპის სესხების მაღალი წილი, მონეტარული პოლიტიკის გლობალური გამკაცრების პირობებში, ვალის მომსახურების (პროცენტის) ხარჯის ზრდას იწვევს;
● წარმოდგენილი პროგნოზებით, მთავრობის ვალის მომსახურების ხარჯი (პროცენტის ხარჯი) 2023 წელს, მიმდინარე წელთან შედარებით, 446 მლნ ლარით იზრდება. საპროცენტო ხარჯების მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელი შედარებით მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება საშუალოვადიან პერიოდშიც;
● აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით განისაზღვროს ვალის მომსახურების ხარჯების შეფასების ინდიკატორ(ებ)ი და 7 სტრატეგიაში მოცემული მიზნობრივი მაჩვენებლების პოტენციური გავლენა ამ ინდიკატორებზე;
● მხარჯავი დაწესებულებების ფარგლებში, კანონპროექტის წინა ვერსიასთან შედარებით ასიგნებები დაუკორექტირდა 67 პროგრამას (პროგრამების საერთო რაოდენობის 48%-ს). მათ შორის, 51 პროგრამის დაფინანსება იზრდება ჯამურად 533 მლნ ლარით, ხოლო 16 პროგრამის დაფინანსება მცირდება ჯამურად 237 მლნ ლარით. ასევე, კანონპროექტით ფინანსდება ორი ახალი პროგრამა, ჯამურად 220 მლნ ლარის ოდენობით;
● საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების მოცულობა იზრდება 197 მლნ ლარით, რაც ძირითადად გამოწვეულია ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი ტრანსფერების 186 მლნ ლარით ზრდით;
● მნიშვნელოვანია, განმახორციელებელმა უწყებებმა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე გაითვალისწინონ საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების განხორციელების/ მიმდინარეობის წინარე გამოცდილება და აღნიშნულზე დაყრდნობით განსაზღვრონ მომდევნო წლისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა;
● მიუხედავად პროგრესისა, სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული დანართი ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ბიუჯეტის კანონის ნაწილს და სისტემური ხარვეზებით ხასიათდება. მიზანშეწონილია, გაგრძელდეს მუშაობა პროგრამების მოსალოდნელი შედეგებისა და შეფასების ინდიკატორების შემდგომ სრულყოფასა და გაუმჯობესებაზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გარდა დასკვნაში მოცემული შენიშვნებისა, „2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი სათანადოდ არის მომზადებული არსებული დაშვებების საფუძველზე, შესაძლებელია შეფასდეს საფუძვლიანად და კანონიერად მოქმედი ნორმატიული ბაზის გათვალისწინებით.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები