მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აუდიტის სამსახური შესყიდვებში კორუფციული რისკების შესამცირებლად რეკომენდაციებს გასცემს

62a8aae687691
შოთა ტყეშელაშვილი
14.06.22 19:45
500
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა, ირაკლი მექვაბიშვილმა პარლამენტს 2021 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგინა. ანგარიშში საუბარია იმ ძირითად მიგნებებზე, რომლებიც სამსახურმა 10 სამინისტროს და სხვა ორგანიზაციების შესწავლით გამოიტანა. რეკომენდაციები ძირითადად სატენდერო პროცედურებს ეხება.

“აუდიტის ფარგლებში სამსახურმა შეისწავლა 10 სამინისტროს მიერ 2017-2019 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები. აუდიტის შედეგად სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები გამოვლინდა საჭიროების განსაზღვრის, ბაზრის კვლევის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის, მიმწოდებლის შერჩევა-შეფასებისა და გამარტივებული შესყიდვების პროცესებთან დაკავშირებით.

მიგნება 1: რიგ შემთხვევებში, საჭიროების განსაზღვრა არ ეფუძნება სათანადო ანალიზს, რაც იწვევს არაოპტიმალური სასაქონლო ნაშთების შექმნას. მსგავსი შემთხვევები ზღუდავს საჯარო ფინანსებზე ხელმისაწვდომობას სხვა პრიორიტეტული სახელმწიფო პროგრამებისა და ღონისძიებებისთვის. ასევე, გამოუყენებელი აქტივები ფიზიკურად და მორალურად იცვითება, რაც იწვევს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან ხარჯვას.

რეკომენდაცია: საჭიროების სწორად განსაზღვრის მიზნით, შეიქმნას ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პრიორიტეტების ჩამოყალიბებას დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე და შესაბამის სამსახურებს (საფინანსო, შესყიდვები, ლოჯისტიკა) შორის კომუნიკაციით განისაზღვრება შესასყიდი საქონელი/მომსახურების საჭირო რაოდენობა და მოცულობა, სადაც გათვალისწინებული იქნება დაწესებულების ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობები, არსებული სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთები.

მიგნება 2: ბაზრის კვლევის არასწორად და არასრულყოფილად განხორციელების შედეგად, რიგ შემთხვევებში ყალიბდება საბაზრო პირობებთან შედარებით შესყიდვის საგნის შეუსაბამოდ მაღალი სავარაუდო ღირებულება და კონკურენციის შემზღუდველი სატენდერო პირობები. აღნიშნულიდან გამომდინარე იქმნება საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკები.

რეკომენდაცია: საბაზრო პირობებისადმი ადეკვატური სავარაუდო ღირებულების განსაზღვრისა და საჯარო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკების თავიდან აცილების მიზნით, შეიქმნას ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის კვლევის ეტაპზე ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის შესწავლას და ანალიზს, მათ შორის, ფასების შესახებ მიღებული ინფორმაციის ერთგვაროვნებას (შესადარისობა) მიწოდების კომერციული და ფინანსური პირობების (წარმოშობის ქვეყანა, ანგარიშსწორების პირობები, საგარანტიო ვადა და ა.შ.) გათვალისწინებით.

მიგნება 3: შემსყიდველის მხრიდან გამარტივებული შესყიდვის საშუალების გამოყენების სასარგებლოდ მოყვანილი არგუმენტები დასაბუთებულია არასათანადოდ, არ შეესაბამება ფაქტობრივ გარემოებებს და კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს. აღნიშნული ქმედებები მაღალი ალბათობით მიმართულია სატენდერო პროცედურების თავიდან არიდებისკენ.

რეკომენდაცია: გამარტივებული შესყიდვების გამოყენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობის უზრუნველსაყოფად:

• ამაღლდეს არსებული კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობა ან/და დაინერგოს ახალი კონტროლის მექანიზმები, რაც აღნიშნული შესყიდვის საშუალების გამოყენების თაობაზე თანხმობის გაცემის პროცესში, გაზრდის მისი გამოყენების დასაბუთების ხარისხს;

• არსებული რესურსის პირობებში შემუშავდეს რისკების შეფასების სისტემა და მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ნებართვის გაცემის შემდგომ შემსყიდველის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ასევე ფაქტობრივი გარემოებებსა და თანხმობის გაცემის საფუძვლების (კრიტერიუმებს) შორის "გადახრების“ იდენტიფიცირებას და შემდგომ რეაგირებას", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები