სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, პროფესიული და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით, უმაღლესი საერთაშორისო შეფასება მიიღო. უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების (SAI-PMF) შეფასება ევროკავშირისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის SIGMA-პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა.
SAI-PMF ინდიკატორებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიული და ორგანიზაციული განვითარება (2018-2022წწ) მაქსიმალური 4 ქულიდან 3.4 ქულით შეფასდა.
გენერალური აუდიტორის, ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, SAI-PMF-ის შეფასება და სხვა ევროპულ უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებთან შედარება ცხადყოფს, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მისი ინსტიტუციური განვითარება ევროკავშირის ქვეყნების დონეს გაუთანაბრდა.
„შეფასება მოიცავს 21 ინდიკატორს 700 კრიტერიუმით და მინდა გითხრათ, რომ საშუალო შეფასება, რაც ჩვენ მივიღეთ, მაქსიმალური 4 ქულიდან 3.4 ქულაა. 2017 წელს, პირველი შეფასება ამ მიმართულებით გვქონდა 2 ქულა და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ყველა მიმართულებით. 21 ინდიკატორიდან 10-ში უმაღლესი შეფასება გვაქვს. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკის დამოუკიდებლობის ინდექსით აუდიტის სამსახური 10 ქულიდან 9.5 ქულით შეფასდა. ასევე, ჩვენი დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიებიდან, ე.წ. დიდი ოთხეულიდან Deloitte & Touche-დან და PricewaterhouseCoopers-დან ბოლო 4 წლის განმავლობაში უპირობოდ კარგი შეფასება მივიღეთ. ეს ყველაფერი კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ინსტიტუციური თვალსაზრისით ხელშესახები და ხილვადი პროგრესი გვაქვს", - აცხადებს მექვაბიშვილი.
ცნობისთვის, SAI-PMF აფასებს აუდიტის სამსახურის როგორც აუდიტორულ, ასევე არააუდიტორულ საქმიანობას, საკანონმდებლო ჩარჩოს, ორგანიზაციის დამოუკიდებლობის ხარისხს და მანდატს, შიდა მმართველობას და ეთიკას, ძირითად პარტნიორებთან კომუნიკაციასა და ადამიანური რესურსების მართვას.




























