მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაში ქონების მართვის ხარვეზები გამოავლინა - დეტალები

ქონება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. დოკუმენტის თანახმად, მერიაში ქონების მართვის ხარვეზები გამოვლინდა.

კერძოდ, 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტი 315-მდე დასახელების სხვადასხვა დანიშნულების უძრავ ქონებას ფლობდა. ქონების განკარგვისა და მონიტორინგის პროცესის შესწავლით კი შემდეგი ხარვეზები გამოვლინდა:

  • 2021-2022 წლებში მუნიციპალიტეტში მოქმედებდა ქონების სარგებლობით გაცემის 14 ხელშეკრულება, რომელთაგანაც 12 გაფორმებულია 2021-2022 წლებში. ყველა შემთხვევაში ქონება გაცემულია პირდაპირი განკარგვის წესით და არ არის გამოყენებული ელექტრონული აუქციონის ფორმა, რომლის დროსაც იზრდება ინფორმირებულ პირთა წრე და ვაჭრობის კონკურენტულ/გამჭვირვალე გარემოში წარმართვის შესაძლებლობა. აღნიშნული კი ხელს უწყობს ქონებიდან მაქსიმალური სარგებლის მიღებას;

  • 2021-2022 წლებში მოქმედი ხელშეკრულებებიდან 2 შემთხვევაში სარგებლობის საფასური სავარაუდოდ რეალურ საბაზრო ფასზე ნაკლებია. მუნიციპალიტეტს არ უმსჯელია იჯარით გაცემული ქონების საიჯარო ღირებულების გადახედვისა და საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ,

კერძოდ:

  • 2012 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით მუნიციპალიტეტმა კვების ობიექტის მოსაწყობად სარგებლობის უფლებით, 20 წლის ვადით გასცა დაბა სტეფანწმინდაში, „მეგობრობის პარკში“ მდებარე 400 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. საიჯარო ქირა განისაზღვრა ნორმატიულ ფასზე დაყრდნობით და წელიწადში 1267 ლარი შეადგინა. საიჯარო ქირის გადახედვა და გაზრდა გაფორმების შემდეგ არ განხორციელებულა. შედეგად, მუნიციპალიტეტმა სავარაუდოდ დაკარგა დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა;

  • 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ − სამთო სათხილამურო სკოლაზე პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გასცა დაბა გუდაურში მდებარე შენობის ნაწილი, ფართით 220 კვ. მ საიჯარო ქირა განისაზღვრა წელიწადში 14.5 ათასი ლარის ოდენობით. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მუნიციპალიტეტს საიჯარო ქირის ადეკვატურობაზე არ უმსჯელია.

"მუნიციპალიტეტს იჯარით ჰქონდა გაცემული დაბა სტეფანწმინდის ცენტრში მდებარე 430 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობები.

შენობებში ფუნქციონირებს აგრარული ბაზარი და კვების ობიექტი − კაფე. იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2021 წლის 18 აპრილს, ხოლო ახალი ხელშეკრულება იმავე მოიჯარესთან გაფორმდა 2022 წლის 12 იანვარს. აპრილიდან იანვრამდე პერიოდში მოიჯარე სავარაუდოდ კვლავ სარგებლობდა ობიექტით, თუმცა შესაბამისი სარგებლობის საფასური ბიუჯეტში არ მიმართულა", - წერს აუდიტი.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ღონისძიება არ გაუტარებია.

აუდიტის დასკვნის მიხედვით, დასკვნა ქონებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არაოპტიმალურია.

ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის პროცესში არ არის გამოყენებული ელექტრონული აუქციონისა და გაფორმებულ ხელშეკრულებებში საიჯარო ფასის გადახედვის შესაძლებლობა. ასევე რეაგირების გარეშეა დარჩენილი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მუნიციპალიტეტის ქონებით სარგებლობის შემთხვევა. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტი კარგავს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.

აუდიტის რეკომენდაციის თანახმად, მერიამ საკრებულოსთან ერთად შეიმუშაოს ქონების მართვის სტრატეგია და შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქონების განკარგვისა და მონიტორინგის გაუმჯობესებას. მუნიციპალიტეტმა იმსჯელოს ქონების განკარგვის პროცესში აუქციონის ფორმის გამოყენებისა და გაფორმებულ ხელშეკრულებებში სარგებლობის საფასურის საბაზრო ფასებთან შესაბამისობაში მოყვანის მიმართულებით. აღნიშნული ხელს შეუწყობს
მუნიციპალური ქონების მართვის პროცესის გაუმჯობესებას და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები