მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუდიტორული ფირმების რეიტინგში "EY საქართველო" პირველია - „აუდიტორული ბაზარი მზარდია“

629db3d5330fe
თელარა გელანტია
06.06.22 01:00
1946
აუდიტორული კომპანია „Ernst & Young საქართველოს“ მმართველი პარტნიორის რუსლან ხოროშვილის შეფასებით, საქართველოში აუდიტორული ინდუსტრიის ბაზარი მზარდია, მაგრამ ჯერჯერობით, მცირეა. ამის შესახებ მან „Forbes კვირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

Forbes Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, 2021 წელს 15 უმსხვილესი ფირმის შემოსავალი აუდიტორული საქმიანობიდან 54 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია. ოთხწლიან ჭრილში კი აუდიტორების შემოსავლები თითქმის 44%-ით არის გაზრდილი.

აღსანიშნია, რომ რეიტინგში „Ernst & Young საქართველო“ პირველ პოზიციაზეა 14.1 მლნ ლარით.

რუსლან ხოროშვილის შეფასებით, აუდიტორული კომპანიების კლიენტების ბაზის ზრდის ტემპი დამაკმაყოფილებელი არაა.

„გვაქვს სტაბილური კლიენტების ბაზა, რომლებიც იზრდებიან, მაგრამ ძირითადად, ზრდა ხდება ერთმანეთის კანიბალიზაციის ხარჯზე. ცოტაა დიდი, მსხვილი კომპანიების რაოდენობა, რომლებიც იზრდებიან. რა თქმა უნდა, ზრდა არის, მაგრამ ეს არაა ის ტემპი, რაც კარგი იქნებოდა. მთლიანად აუდიტორული ფირმების ბაზარი მცირეა - სულ 54 მლნ ლარი იყო შარშან ჯამური შემოსავალი ანუ 20 მლნ დოლარიც არაა“, - ამბობს „Ernst & Young საქართველოს“ მმართველი პარტნიორი.

„Forbes კვირის“ წამყვანის გიორგი ისაკაძის კითხვაზე - აუდიტორული სექტორის შემოსავლების მატებას ქვეყანაში ფინანსური გამჭვირვალობის რეფორმამაც შეუწყო თუ არა ხელი, რუსლან ხოროშვილმა დადებითი პასუხი გასცა, მაგრამ იქვე ისიც აღნიშნა, რომ უშუალოდ EY საქართველოს შემოსავლების ზრდისთვის რეფორმა განმსაზღვრელი არ ყოფილა.

„აუდიტორიული კომპანიების შემოსავლების ზრდის დიდი წილი დაკავშირებული იყო რეფორმასთან, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, ამას უგულებელსაყოფი წვლილი ჰქონდა, რადგან როდესაც საუბარია სავალდებულო აუდიტზე, მხოლოდ სავალდებულო აუდიტისთვის აუდიტორის შერჩევისას, კომპანიებისთვის ყველაზე მთავარი კრიტერიუმი არის ფასი, რაც ჩვენ ნამდვილად არ გამოგვარჩევს კონკურენტებისგან, პირიქით, ალბათ ყველაზე ძვირ სერვისს ვაწვდით კლიენტებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ხარისხიანს“, - აღნიშნა რუსლან ხოროშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები