მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როდესაც ეკონომიკა იზრდება, მთავრობას შეუძლია, ეს კრედიტი ჩაითვალოს“ - ინტერვიუ რუსლან ხოროშვილთან

EY

„როდესაც ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, მთავრობას შეუძლია ეს კრედიტი ჩაითვალოს“ - ასე უპასუხა საკონსულტაციო კომპანია „EY საქართველოს“ მმართველმა პარტნიორმა რუსლან ხოროშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - „რა წვლილის აქვს ბოლო ორი წელი ეკონომიკის ორნიშნა ზრდაში მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას“.

- გამარჯვებულებს არ განსჯიან. ძალიან ბევრი ფაქტორია... ერთ-ერთ ინტერვიუში მილტონ ფრიდმანი ამბობს, რომ შეისწავლა ფედერალური სარეზერვო სისტემის 50 წლის ანგარიშები და ყოველთვის ორი სახის დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა: ან იყო კარგი ეკონომიკური ზრდა, გამოწვეული ფედერალური სარეზერვო ბანკის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ან იყო ცუდი ეკონომიკური ზრდა, რაც გარე ფაქტორებით იყო განპირობებული. ასე რომ, როდესაც გარკვეული მთავრობის პირობებში ეკონომიკა იზრდება, ე.ი. ნიშნავს, რომ მთავრობას შეუძლია აიღოს ეს კრედიტები და ჩაითვალოს; სხვა კრიტერიუმი არ არსებობს. რთული სათქმელია... ასევე, როდესაც არაა კარგი ეკონომიკური ზრდა, სხვას ვერავის დავაბრალებთ. რა თქმა უნდა, გარე ფაქტორები სულ იარსებებს, რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ძალიან ვართ დამოკიდებული გარე ფაქტორებზე, რომ ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების შიდა რესურსი გვქონდეს“, - ამბობს რუსლან ხოროშვილი.

- გასაგებია, რომ რეგიონს ვერ შევიცვლით და ვერც რეგიონში მიმდინარე პროცესებზე შეგვიძლია დიდი გავლენის მოხდენა, მაგრამ რისი გაკეთება შეუძლია მთავრობას საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდისთვის, რათა მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ?

- უპირველეს ყოვლისა, ალბათ ეკონომიკურ პოლიტიკაში და ზოგადად, პოლიტიკაშიც თანმიმდევრულობა უნდა გვქონდეს. ბიზნესისთვის საქმიანობა განჭვრეტადი უნდა იყოს; იცოდე, რას უნდა მოელოდე მთავრობისგან. დღეს, ქვეყანაში გვაქვს ლიბერალური პოლიტიკა და ვეცადოთ, არ გადავუხვიოთ; არ გავზარდოთ გადასახადები. მოკლედ, ბიზნესისთვის მთავარია პროგნოზირებადი გარემო - მოულოდნელი ქმედების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, ალბათ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ რეგიონალურ ინტეგრაციაზე.

- რა არის საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მთავარი გამოწვევა?

- საქართველო ძალიან პატარა ბაზარია, რაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. აქ არც ისე ბევრი საერთაშორისო კომპანიაა წარმოდგენილი. კონკურენციაში შევდივართ სხვა ქვეყნებთან. მაგალითად, უზბეკეთში, რომელიც დიდი ქვეყანაა, სახელმწიფო მმართველობის სფეროში მცირე ცვლილებებმაც კი, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. საქართველოც 60-70 მილიონიანი ქვეყანა რომ იყოს, სხვა ტიპის დაინტერესება იქნებოდა. უნდა ვიმუშაოთ. გამოწვევაა მოსახლეობის რაოდენობაც, რომელიც 90-იანი წლების შემდეგ იკლებს, რაც ყველაზე დიდი რისკია განვითარებისთვის.

- კიდევ რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის?

- ყველაზე დიდ ამოცანად ჩავთვლიდი საბჭოურ მენტალიტეტზე უარის თქმა; იმ მენტალიტეტზე უარის თქმას, როცა მოქალაქეები ელოდებიან ყველა პრობლემის სახელმწიფოს მიერ გადაჭრას და სახელმწიფომაც როგორმე უნდა გაითავისუფლოს თავი ამისგან. მაგალითად: დაზღვევის სერვისი როცა არსებობს და ბუნებრივი კატაკლიზმების დროს, მაინც უნაზღაურდებათ დაზარალებულებს ზარალი სახელმწიფოსგან, არ არის კარგი; ასევე, სოციალური დახმარებები ხელს უშლის იმას, რომ ადამიანებმა სამსახური ეძებონ. ვფიქრობ, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია უფრო მეტად კაპიტალისტური აზროვნების რელსებზე გადაწყობა და უფრო დიდ ბაზრებთან ინტეგრაცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები