საკონსულტაციო კომპანია „EY საქართველო“ 2023 წლის სამი კვარტალის შედეგებით კმაყოფილია. „ჯერჯერობით, კარგად ვვითარდებით“ - განაცხადა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში" კომპანიის მმართველმა პარტნიორმა რუსლან ხოროშვილმა. მისივე თქმით, ზოგადად, აუდიტორული ბაზრის ზრდა ეკონომიკის ზრდის ტენდენციებს მიჰყვება.
- როგორი იყო „EY საქართველოსთვის“ გასული ცხრა თვე და ზოგადად, რამდენად მზარდია აუდიტორული ბაზარი?
- როგორც წესი, საკონსულტაციო მომსახურების სფერო, ისევე როგორც აუდიტის სფერო ეკონომიკის განვითარების ტენდენციებს მიჰყვება და ვერ გაიზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე - ეკონომიკა. რა თქმა უნდა, როდესაც ახალი რეგულაციები შემოდის, რომელიც დამატებით მოთხოვნებს აყენებს კომპანიების მიმართ, ეს იწვევს ჩვენს სერვისებზე მოთხოვნის ზრდას, მაგრამ ძირითადად, აუდიტის ბაზარი ეკონომიკის ზრდის ტემპს მიჰყვება. ჯერჯერობით, კარგად ვვითარდებით; დასახულ გეგმებს ვაღწევთ. 2022 წელი მთელი ინდუსტრიისთვის და ქვეყნისთვისაც ცოტა შოკური იყო, მაგრამ შარშანდელმა წელმა აჩვენა, რომ ამას გარკვეული დადებითი ეფექტი ჰქონდა ჩვენს ეკონომიკაზე და უფრო კარგი მოლოდინები დარჩა მომავალთან დაკავშირებით; ამან მოგვცა საშუალება, კლიენტებთან გვემუშავა ფასების გაზრდაზე, ახალ კონტრაქტებზე, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი საქართველოში ძალიან დიდ რისკებს არ გრძნობს და უფრო მაღალი მოგებიანობით მუშაობს, ვიდრე - ადრე. ამასთან, ისიც აღსანიშნავია, ჩვენი ბიზნესის ზრდის ძირითადი წამახალისებელი არის საკონსულტაციო მომსახურებები... ადრე, რაღაც პერიოდის განმავლობაში უფრო მეტი საერთაშორისო ტრანზაქცია გვქონდა - ქართული კომპანიები საერთაშორისო ბირჟებზე გადიოდნენ; მაგალითად, 3-4 ტრანზაქციაში ჩვენც ვმონაწილეობდით ჩვენს კლიენტებთან ერთად. ბოლო პერიოდში ეს ნაკლებია - პანდემიამ მსოფლიოში ეკონომიკური დაღმასვლა გამოიწვია, რაც ჩვენზეც აისახა და ვხედავთ, რომ საჯარო ტრანზაქციები არაა, მაგრამ იმედია, მომავალში იქნება.
- თქვენ თქვით, რომ აუდიტორული ბაზრის ზრდა, ძირითადად, ეკონომიკის ზრდის ტემპს მიჰყვება. 2021-2022 წლებში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყო, თუმცა შარშან საქართველოში მოქმედი 15 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიის შემოსავალი უშუალოდ აუდიტორული მომსახურების გაწევიდან 7%-ით შემცირდა - 49.9 მილიონ ლარამდე. ანუ ეკონომიკის ზრდა არ იყო ისეთი სტრუქტურის, რომელიც აუდიტორული ინდუსტრიის მკვეთრ ზრდაზე აისახებოდა?
- დიახ, შარშან აუდიტორული სექტორი შემცირდა, მაგრამ ეს ძირითადად გამოწვეული იყო ეროვნული ვალუტის გამყარებით, ვინაიდან, ჩვენთან ძირითადად კონტრაქტები დოლარშია დენომინირებული, თორემ მოცულობის კუთხით, აუდიტორული სექტორი არ შემცირებულა. დარწმუნებული ვარ, წელს ზრდა იქნება. რაც შეეხება ეკონომიკის ზრდასთან კავშირს, დიახ, ორნიშნა ზრდა არ აისახა, ვინაიდან ეს ზრდა მიგრანტების და შესაბამისად, მოხმარების ზრდით იყო გამოწვეული და არა კორპორაციული ზრდით.
- დღესდღეობით, რა სახის სერვისზეა მოთხოვნა აუდიტორულ-საკონსულტაციო ბაზარზე?
- „EY საქართველო“ ერთი ფანჯრის პრინციპით მუშაობს და კლიენტებს სერვისების ფართო სპექტრს ვაწვდით როგორც - ქართული, ისე საერთაშორისო ოფისის მეშვეობით. ბოლო დროს მოთხოვნაა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სერვისებზე, ასევე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან თანხვედრის, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო სერვისებზე, რომელიც უფრო და უფრო საჭირო ხდება და ჩვენც ინვესტირებას ამ მიმართულებებით ვაკეთებთ.
- რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების ნაწილში, ძირითადად, რა სერვისები სჭირდებათ ბიზნესებს?
- საერთაშორისო ბანკებმა დაიწყეს მოთხოვნა, რომ მათმა კონტრაგენტმა ბანკებმა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავიანთ მტკიცებულებებს აწვდიან, მესამე პირებს დაამოწმებინონ, რომ სანქციებს იცავენ; ასევე, როდესაც კომპანიები ერთმანეთთან ჩვეულებრივ ყიდვა-გაყიდვის გარიგებაშიც შედიან, მაშინაც ითხოვენ მესამე მხარის დამოწმებას, რომ ყველაფერი წესრიგშია, ვინაიდან როცა სანქციების რეჟიმი არსებობს, პრობლემა შეიძლება წარმოეშვას არა მხოლოდ იმ კომპანიას, ვინც სანქციას არღვევს, არამედ მათაც, ვინც ასეთ კომპანიებთან თანამშრომლობენ, ამიტომ ყველას აქვს „სანქციების რიდი“ და ცდილობენ, რისკებისგან თავდაცვის დამატებითი მექანიზმები შექმნან.