მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აუგუსტის“ ჯემები და წვენები ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში გავიდა

60f7bfef75a2a
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.21 16:50
1452
ჯემებისა და წვენების მწარმოებელმა ქართულმა კომპანია „აუგუსტიმ“, რომელიც გასული წლის სექტემბერში ამოქმედდა, პროდუქცია ექსპორტზე დიდ ბრიტანეთში გაიტანა.

BM.GE-სთან საუბრისას „აუგუსტის“ თანადამფუძნებელი ქრისტინე მორჩილაძე განმარტავს, რომ კომპანიისთვის ბრიტანეთი პირველი საექსპორტო ბაზარია.

„პირველ ეტაპზე საცდელი რაოდენობა გავაგზავნეთ. ამ ეტაპისთვის, დაახლოებით, 5 000 ლიტრი წვენი და 3 000 ლიტრი ჯემის რეალიზება მოხდა. ბრიტანულ ბაზარზე ჩვენმა პროდუქტმა ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და სატესტო პარტიის გაგზავნის შემდეგ, პარტნიორებმა სექტემბრიდან საექსპორტო მოცულობების გაზრდა მოითხოვეს, რადგან ამ ეტაპისთვის „აუგუსტის“ პროდუქტი 20 მაღაზიაში იყიდება და უნდათ, მოცვა უფრო გააფართოონ. ყველაზე დიდი ქსელი, სადაც „აუგუსტის“ ჯემები და წვენები შედის Cost Cutter-ია“, - აღნიშნა ქრისტინე მორჩილაძემ.



კომპანიის დამფუძნებელმა საექსპორტო ბაზრების გაფართოებით მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კომპანიის და ზოგადად ქვეყნის იმიჯზე დადებითად აისახება.

„ექსპორტზე პროდუქტის გატანა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივი ბაზარი მცირეა, ხოლო ჩვენი წარმადობა გაცილებით მეტია. ამასთან, იმპორტირებული ჯემები ადგილობრივ ნაწარმს ძალიან დიდ კონკურენციას უწევს, ამიტომ თავის დამკვიდრება რთულდება. ქსელებში, სადაც შევდივართ, რამდენიმე ქსელის გარდა, უპირატესობას იმპორტირებულ ჯემებსა და წვენებს ანიჭებენ, შესაბამისად, საექსპორტო ბაზრებზე გასვლა ჩვენთვის უფრო მისაღებია“, - განმარტა ქრისტინე მორჩილაძემ და დასძინა, რომ ჯემისა და წვენების ნიმუშები დღეს ჩეხეთშია გაგზავნილი და უახლოეს პერიოდში მათი გაგზავნა ლატვიაშიც იგეგმება. „ექსპორტი მთლიან წარმოებაში 60-70%-ს დაიკავებს“, - აღნიშნა მან.

საქართველოში „აუგუსტის“ პროდუქტი მათი ბრენდის „აუგუსტის“ ქსელის გარდა „გუდვილსა“ და „ფრესკოში“ იყიდება. პრემიუმხარისხის პროდუქტის ღირებულება 6.9 ლარიდან და 8.5 ლარამდეა. საწარმო კი 8-8 დასახელების ხილის ჯემებსა და წვენებს უახლესი ტექნოლოგიებითა და განსხვავებული მიდგომებით აწარმოებს, შესაბამისად, ქრისტინე მორჩილაძე ამბობს, რომ მათი ჯემები და წვენები უფრო სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა.

„დღეისთვის კომპანია 8 დასახელების ჯემსა და 8 დასახელების წვენს აწარმოებს. ჩვენი პროდუქტი არ მზადდება კონვეირული მეთოდით, როგორც ყველგან. უნიკალური იტალიური დანადგარები გვაქვს, რომელიც ხილს ვაკუუმში ამზადებს და საბოლოო პროდუქტი სასარგებლო ვიტამინებსა და თვისებებს ინარჩუნებს. ერთი შეხედვითაც ჩვენი ჯემები სხვა პროდუქციისგან ფერითაც განსხვავდება, რადგან ჟანგვის პროცესი თავიდან არიდებულია“, - უთხრა BM.GE-ის ქრისტინე მორჩილაძემ.

ცნობისთვის: საწარმო მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატახტარში 2020 წლის სექტემბერში 100 000 ევროს ინვესტიციით ამოქმედდა. წლიურად საწარმო თითოეული სახეობის 20 ტონამდე ხილს გადაამუშავებს, რომელ ნედლეულსაც ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. დღეისთვის „აუგუსტის“ წარმოება 30 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები