მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავარიული ბინების ჩანაცვლების პროცესში მოსახლეობა აქტიურია, თუმცა ხშირად აფერხებენ ერთმანეთს - თბილისის განვითარების ფონდი

ავარიული შენობა

თბილისის მერია ბიზნესს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში ჩართულობისკენ მოუწოდებს. ამ ეტაპზე ოთხი პროექტი მიმდინარეობს და მოსახლეობა აქტიურია, თუმცა ბიზნესი - ნაკლებად. საკითხზე „საქმის კურსის“ ეთერში თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი პაპავამ ისაუბრა.

„ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის მიმართულებით აქტიურობა მოსახლეობის მხრიდან დიდია, თუმცა ხშირად არის პრობლემები მათ შორის შეუთანხმებლობაზე. ხშირად ხდება ბინების გადაფორმება, ან ერთი ბინის რამდენიმე ნაწილად გაყოფა, რომ შემდეგ მიიღონ მაგალითად ოთხი ბინა. რეალურად, ამ ბინებიდან შესაძლებელია მისი წილი იყოს 7-8 კვადრატი. ამის გამო ხშირად აფერხებენ ერთმანეთს. სულ 40 პროექტია შემოსული, რომლებიც სხვადასხვა ეტაპზეა, მათ შორის პროექტირების ეტაპზე, მიდის მსჯელობა სად უნდა იყოს განშლები, რომელ სართულზე როგორი აივანი უნდა შევთავაზოთ მოსახლეობას და ა.შ.“, - განაცხადა პაპავამ.

ინფორმაციისთვის, ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამა 2022 წელს დაიწყო. თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში 10 ათასამდე შენობა/ნაგებობაა, სხვადასხვა ავარიულობის ხარისხით. პროგრამაში ბოლოს შეტანილი ცვლილებით, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილი ხდება, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის თანხმობით, განიხილოს ავარიული სახლის ჩანაცვლების საკითხი სხვა მიწის ნაკვეთზე, დაინტერესებულ პირთა სრული თანხმობის გარეშე.

ეს ნიშნავს, რომ ავარიული საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლების პროექტს თბილისის მუნიციპალიტეტი განახორციელებს და ახალ კორპუსს არა იმავე ადგილას, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენებს. ამისთვის მას კორპუსის მცხოვრებთა აბსოლუტური უმრავლესობის თანხმობა აღარ დასჭირდება, როგორც ეს აქამდე იყო საჭირო.

პირველი პროექტი ვარკეთილში განხორციელდა. ავარიული შენობის დემონტაჟის და ახალი პროექტის აშენების პროცესში მოქალაქეებს ქირით თბილისის მერია უზრუნველყოფს.

კალაძე ბიზნესს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდებს

რას შესთავაზებს მერია ბიზნესს ისტორიულ უბნებში ავარიული სახლების გამოსყიდვის სანაცვლოდ?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები