მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავიაკომპანიები საქართველოში ფრენებს ამცირებენ/აუქმებენ - მიზეზი ეპიდვითარების გაუარესებაა

5fa3b9bf52029
თელარა გელანტია
05.11.20 12:37
3532
ავიაკომპანიების ნაწილმა საქართველოს მიმართულებით ფრენების შემცირების ან გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. დიდი ალბათობით, მიზეზი ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესებაა, რადგან ბოლო რამდენიმე კვირაა COVID-19-ის სტატისტიკა მნიშვნელოვნად მზარდია. აღნიშნული გამო, ოქტომბრის ბოლოსკენ ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ზოგადადაა ნათქვამი, რომ „მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფონზე, სხვადასხვა სახელმწიფოების მიერ ყოველდღიურად ძალაში შედის ახალი სასაზღვრო შეზღუდვები ან დამატებითი სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით“.

Wizz Air-ის გადაწყვეტილება

ირკვევა, რომ ავიაკომპანია Wizz Air-ი, დროებით, 19 დეკემბრამდე აუქმებს უკვე განახლებულ ფრენებს რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით, ასევე ავიაკომპანიამ 18 დეკემბრამდე გადადო ოპერირების განახლება დორტმუნდი-ქუთაისი-დორტმუნდის მიმართულებით და 2021 წლის 12 იანვრამდე ვილნიუსი-ქუთაისი-ვილნიუსის მიმართულებით. რეგულარული რეისების გაუქმების მიზეზი ლატვიის, გერმანიისა და ლიეტუვას მიერ ადგილზე ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვები სახელდება.

Georgian Airways-ის გადაწყვეტილება

ცვლილებებია ავიაკომპანია Georgian Airways-ის ფრენის განრიგში. ავიაციის სააგენტოში წარდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია თბილისი-ბერლინი-თბილისის და თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებებზე ოპერირებას გააგრძელებს მხოლოდ ერთი სიხშირით. შესაბამისად, თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე უქმდება 6, 13, 20 და 27 ნოემბრის რეგულარული რეისები, ხოლო თბილისი-ვენა-თბილისის საჰაერო ხაზზე - 5, 12, 19 და 26 ნოემბრის ფრენები.

AirBaltic-ის გადაწყვეტილება

ეპიდვითარების გამო დაწესებული შეზღუდვებია იმის მიზეზიც, რომ ამ ეტაპზე 28 ნოემბრამდე დანიშნული რეგულარული რეისები გააუქმა AirBaltic-მა, თუმცა როგორც ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, ავიაკომპანია შეასრულებს სარეპატრიაციო ფრენებს საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქვეყნიდან გაყვანის მიზნით.

როგორც avianews.ge წერს, საქართველოში airBaltic-ის წარმომადგენლობაში განმარტავენ, რომ ავიაკომპანიამ გადაწყვეტილება მიიღო და თბილისის მიმართულებით ფრენებს 10 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე აჩერებს.

რაც შეეხება 1 დეკემბრის შემდეგ ოპერირების სქემას, ეს იმ დროისთვის არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული. ავიაკომპანიამ რიგა-თბილისი-რიგას მიმართულებაზე რეგულარული რეისები მიმდინარე კვირაშიც გააუქმა და 3 რეგულარული რეისის ნაცვლად 2 სპეცრეისის განხორციელება გადაწყვიტა, საიდანაც ერთი 3 ნოემბერს განხორციელდა, ხოლო მეორე 5 ნოემბერს შესრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები