უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ყაზახური ავიაკომპანია Qazaq Air და ისრაელური El Al რუსეთის რიგ ქალაქებში ფრენებს დროებით აჩერებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ავიაკომპანიებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში ჩამოვარდა, წინასწარი გამოძიებით კი გაირკვა, რომ AZAL-ის თვითმფრინავ Embraer 190-ის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა, რომელიც გროზნოს თავზე დრონების აქტიურობის დროს ესროლეს.
BM.GE დაინტერესდა აპირებს თუ არა ფრენების შეჩერებას ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსეთში სამი მიმართულებით დაფრინავს.
ავიაკომპანიაში BM.GE-ს განუცხადეს: „ჯერჯერობით, ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ და ვაკვირდებით“.
ცნობისთვის, Georgian Airways-მა რუსეთში ფრენები მას შემდეგ აღადგინა, რაც რუსეთმა საქართველოსთან ავიაემბარგო გააუქმა. დღეისთვის, ქართული ავიაკომპანია მოსკოვში, ნოვოსიბირსკსა და სანკტ-პეტერბურგში სხვადასხვა სიხშირით დაფრინავს. აქედან მოსკოვში ყოველდღიურად სამი ავიარეისი Boeing 737 ტიპის თვითმფრინავით სრულდება; სანკტ-პეტერბურგში კვირაში 2 ავიარეისი პარასკევობითა და კვირას ხორციელდება; ნოვოსიბირსკშიც ფრენები კვირაში ორი სიხშირით - ორშაბათობითა და პარასკეობით სრულდება.
„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც 25 დეკემბერს ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა ყაზახეთში, ქალაქ აქთაუდან 3 კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 62 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი.
წინასწარი გამოძიებით, აზერბაიჯანის ავიახაზების ჩამოგდების მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. თვითმფრინავს რაკეტა გროზნოს თავზე დრონების აქტიურობის დროს ესროლეს. რაკეტა თვითმფრინავის გვერდზე აფეთქდა და შრაპნელმა დააზიანა. სახელისუფლებო წყაროებმა Euronews-ს უთხრეს, რომ დაზიანებულ თვითმფრინავს რუსეთის აეროპორტებში დაჯდომის უფლება არ მისცეს, იმის მიუხედავად, რომ პილოტები საავარიო დაშვებას ითხოვდნენ. თვითმფრინავის ეკიპაჟს უბრძანეს კასპიის ზღვა გადაეფრინა და აქთაუში დამჯდარიყო.