უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ყაზახური ავიაკომპანია Qazaq Air და ისრაელური El Al რუსეთის რიგ ქალაქებში ფრენებს დროებით აჩერებენ.
Qazaq Air-ში აცხადებენ, რომ ასტანა - ეკატერინბურგის მიმართულებით 28 დეკემბრიდან 27 იანვრის ჩათვლით ფრენებს აჩერებენ.
„ფრენების შეჩერება მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთში ფრენების რისკების შეფასების საფუძველზე ხდება. ავიაკომპანია გააგრძელებს ავიარეისების შესრულებას ომსკში და ნოვოსიბირსკში, რომლებიც არსებული მდგომარეობით QAZAQ AIR-ის რისკების შეფასების კრიტერიუმებს შეესაბამება. ეკატერინბურგში ავიარეისების განახლება რისკების განმეორებითი შეფასების შედეგების მიხედვით აღდგება“, - აცხადებენ კომპანიაში.
თელ-ავივი - მოსკოვის რეისები გააუქმა ისრაელურმა El Al-მაც. „რუსეთის საჰაერო სივრცეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით El Al მიმდინარე კვირაში თელ-ავივი-მოსკოვის ავიარეისებს აჩერებს. შემდეგ კვირას მოხდება მდგომარეობის ხელახალი შეფასება, რის შემდეგაც ფრენების აღდგენის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება. მგზავრების ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით“ - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავიაკომპანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობისთვის: „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავი Embraer 190, რომელიც 25 დეკემბერს ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა ყაზახეთში, ქალაქ აქთაუდან 3 კილომეტრში ჩამოვარდა. ბორტზე 62 მგზავრი და 5 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 38 ადამიანი.
წინასწარი გამოძიებით, აზერბაიჯანის ავიახაზების ჩამოგდების მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. თვითმფრინავს რაკეტა გროზნოს თავზე დრონების აქტიურობის დროს ესროლეს. რაკეტა თვითმფრინავის გვერდზე აფეთქდა და შრაპნელმა დააზიანა. სახელისუფლებო წყაროებმა Euronews-ს უთხრეს, რომ დაზიანებულ თვითმფრინავს რუსეთის აეროპორტებში დაჯდომის უფლება არ მისცეს, იმის მიუხედავად, რომ პილოტები საავარიო დაშვებას ითხოვდნენ. თვითმფრინავის ეკიპაჟს უბრძანეს კასპიის ზღვა გადაეფრინა და აქთაუში დამჯდარიყო.
ავიაკომპანია AZAL 28 დეკემბრიდან რუსეთის 7 ქალაქში ფრენებს აჩერებს.