2025 წლის 20 მაისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ელექტრონული აზარტული თამაშების კომპანია SPRIBE-მა დაარღვია კომპანია "ავიატორის" საავტორო უფლებები. საქმე უკავშირდება "ავიატორის" სახელით რამდენიმე აზარტულ თამაშს, რომლებიც SPRIBE-ის ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოს აზარტული თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ კაზინოს - "აჭარაბეთის" ვებსაიტზე იყო განთავსებული. ამასთან, "აჭარაბეთის" მფლობელი გლობალური კომპანია Flutter-ის მიერ "ავიატორის" სახელით აზარტული თამაშები სხვა ქვეყნების ბაზრებზეც იყო შეთავაზებული.
უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სავაჭრო ნიშან "ავიატორის" და შესაბამისი ვიზუალური გამოსახულების ერთადერთი ლეგიტიმური მესაკუთრე არის კომპანია "ავიატორი", შედეგად გაუქმდა SPRIBE-ის ინტელექტუალური საკუთრების რეგისტრაცია აღნიშნულ სახელწოდებაზე.
იქიდან გამომდინარე, რომ "ავიატორის" სახელწოდების თამაშები შეთავაზებული იყო საქართველოს გარდა სხვა ბაზრებზეც, კომპანია "ავიატორი" SPRIBE-ის წინააღმდეგ დავას ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების სამსახურშიც (EUIPO) აწარმოებს, სადაც შპს "ავიატორი" მოითხოვს SPRIBE-ის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების გაუქმებას. აღსანიშნავია, რომ EUIPO-ში მიმდინარე საქმეზე SPRIBE-მა უკვე სამჯერ მოითხოვა ვადის გაგრძელება.
საქმეზე პირველი გადაწყვეტილება:
საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2024 წლის 20 აგვისტოს მიიღო და დააკმაყოფილა Aviator LLC-ის სარჩელი SPRIBE OÜ-სა და ონლაინ აზარტული თამაშების უმსხვილეს ქართულ პლატფორმა www.adjarabet.com-ის წინააღმდეგ, რომელიც ბრიტანულ კომპანიას Flutter Entertainment Plc-ს ეკუთვნის. სასამართლომ დაადგინა, რომ SPRIBE-მა და Adjarabet-მა დაარღვიეს Aviator-ის საავტორო უფლებები და სასაქონლო ნიშნებზე უფლებები.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, არაკეთილსინდისიერად დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნები გაუქმდა, ხოლო კომპანიის მიერ გამოყენებული Aviator-ის გამოსახულება და დასახელება ცნო კანონდარღვევად. დამატებით, ონლაინ პლატფორმას დაეკისრა Aviator-ის სახელისა და ვიზუალური ელემენტების გამოყენების შეწყვეტა და კომპენსაციის სახით 330 მილიონი აშშ დოლარის გადახდა.
ამასთან, Aviator LLC აქტიურად აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას სხვადასხვა საერთაშორისო ბაზარზე — მათ შორის ევროკავშირის ტერიტორიაზე.
ვის ეკუთვნის კომპანია SPRIBE
კომპანია SPRIBE-ი აზარტული თამაშების ელექტრონული სერვისების მიმწოდებელია. კომპანია 2018 წლის თებერვალში არის დაფუძნებული. კომპანია იურიდიულად ესტონეთში არის რეგისტრირებული. ესტონეთის ბიზნეს რეესტრის თანახმად, კომპანიის დირექტორია გრიგოლ გელაშვილი, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი დავით ნატროშვილი. კომპანიის თამაშების გადაცემა Adjarabet-ის პლატფორმაზე ხორციელდება. თავის მხრივ Adjarabet-ი არის გლობალური აზარტული თამაშების კომპანია Flutter Entertainment Plc-ის საკუთრებაშია.
Spribe-ს ესტონეთის მარეგულირებლისთვის ფინანსური ანგარიში წარდგენილი აქვს, დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს კომპანიის შემოსავალი 40.5 მილიონი ევრო იყო, ხოლო წმინდა მოგება კი 3.8 მილიონი ევრო. კომპანიას 2024 წლის შემოსავლების ანგარიში წარდგენილი არ აქვს, თუმცა ცნობილია რომ 2025 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავალი 15.7 მილიონი ევრო იყო.
ვის ეკუთვნის Adjarabet-ი
Flutter-მა, რომელსაც წარსულში Paddy Power-ი ეწოდებოდა, Adjarabet-ის 51%-იანი წილი 2019 წელს 115 მილიონ ევროდ, ბიზნესმენ თემურ უგულავასგან შეიძინა. 2022 წელს კი კომპანიაში დარჩენილი 49%-იანი წილი დამატებით 204 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეიძინა. შესაბამისად, მთლიანობაში Flutter-მა Adjarabet-ში 350 მილიონი ევრო გადაიხადა. თუმცა, როგორც ირკვევა გარიგება არ მოიცავდა “ავიატორის” საავტორო უფლებებს და შესაბამისად, აღნიშნული ბრენდით აზარტული თამაშების წარმოების უფლებას.
თავის მხრივ, Flutter-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 43 მილიარდ დოლარს შეადგენს, რითაც ის მსოფლიოში აზარტული თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებლის პოზიციას იკავებს.
ვის ეკუთვნის კომპანია "ავიატორი"
თავის მხრივ შპს “ავიატორი” დაფუძნებულია 2018 წლის იანვარში. კომპანიის მფლობელია “ავიატორ ჰოლდინგი”, რომელიც 100%-ით ბიზნესმენ თემურ უგულავას საკუთრებაშია.
თავის მხრივ, დავის შესახებ საუბარია Flutter-ის 2024 წლის ფინანსურ ანგარიშში, სადაც აღნიშნულია, რომ "ავიატორთან" მორიგება შედგა.
"კომპანია Aviator LLC-იმ, რომელიც დაკავშირებულია Adjarabet-ის ყოფილ მფლობელთან, სასამართლოში უჩივლა Atlas Holdings LLC-ს - Adjarabet-ის ოპერატორს საქართველოსა და სომხეთში იმ არგუმენტით, რომ Adjarabet-ის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ოთხ ონლაინ კაზინოს თამაშში სახელწოდება “AVIATOR” არღვევდა მის ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს. 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, დავა მორიგებით დასრულდა და ჯგუფი დათანხმდა Aviator LLC-ს აუნაზღაუროს სასამართლოს იურიდიული წარმომადგენლობის ხარჯები,"- ნათქვამია Flutter-ის ანგარიშში.




























