"covid-რეგულაციების აღსრულება ბევრად გამკაცრებულია, ვიდრე წინა პერიოდში იყო. ეს კარგია, მაგრამ მაინც ხდება ბევრი დარღვევა", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დიდ სუფრებს თავი აარიდონ, ვინაიდან სწორედ მსგავსი შეკრებებია ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყარო.
„სუფრები არის ამ ინფექციის და ახალი შემთხვევების განვითარების მთავარი რისკფაქტორი და ბუსტერი. თავი ავარიდოთ მათ - არავითარი დიდი შეკრებები და დიდი სუფრები, მივიდეთ და ავიცრათ. თუ ყველა გაითავისებს თავიანთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას ამ ძალიან მძიმე პერიოდში, მაშინ დიდი დამატებითი შეზღუდვების აუცილებლობა არ იქნება“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის: ბოლო 72 საათში შრომის ინსპექციამ კოვიდ-რეგულაციების დარღვევისთვის 5 ობიექტი დალუქა და 6 დააჯარიმა.
მათი ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და მასშტაბური გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და 1 ფიზიკური პირია. მათ შორის არის „გარდენია შევარდნაძეც“.




























