მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავსტრალიამ პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარება გადაწყვიტა

ავსტრალია
BM. GE
11.08.25 23:32
139

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ანტონი ალბანესმა განაცხადა, სექტემბერში დაგეგმილ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ქვეყანა მხარს დაუჭერს პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებას. მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მინისტრებმა დღეს მიიღეს.

როგორც ალბანესმა თქვა, ავსტრალია “ორი სახელმწიფოს გამოსავალს” მკაფიოდ უჭერს მხარს და პალესტინისა და ისრაელის ხელისუფლებებზე დიპლომატიურ ზეწოლას გააძლიერებს, რათა შეწყდეს დაპირისპირება და გამოსწორდეს ღაზაში არსებული უმძიმესი ჰუმანიტარული ვითარება.

ამ განცხადებით ავსტრალია საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის შემდეგ გახდა დიდი შვიდეულის რიგით მე-4 ქვეყანა, რომელიც პალესტინის აღიარებას სექტემბერში აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ოთხივე შემთხვევაში მოთხოვნა იდენტურია. ქვეყნები არ ცნობენ ჰამასს, როგორც პალესტინის ნაწილის მმართველს, მოითხოვენ ღაზას სექტორის სრულ დემილიტარიზაციას და 2026 წელს არჩევნების ჩატარებას.

სხვა შემთხვევების მსგავსად, კიდევ ერთი ქვეყნის მიერ პალესტინის დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტას კრიტიკულად შეხვდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელში. თუ თეთრი სახლი შეშფოთებით შემოიფარგლა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ავსტრალიის მთავრობის გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა. სამაგიეროდ, ალბანესის განცხადება მოიწონეს პალესტინის დასავლეთ სანაპიროს მმართველებმა და დიდი შვიდეულის იმ ქვეყნებმა, რომლებიც სექტემბერში პალესტინის დამოუკიდებლობას ავსტრალიასთან ერთად აღიარებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები