Facebook-ისა და Instagram-ის მფლობელი Meta, Snapchat და Tiktok ავსტრალიის მთავრობას მოუწოდებენ, გადახედონ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების მოხმარება აკრძალულია, Youtube-ით სარგებლობა კი დაშვებული.
ავსტრალიის პარლამენტმა სოციალურ ქსელებზე მკაცრი შეზღუდვები გასული წლის ნოემბრიდან შემოიღო. კანონი სოციალური მედიის კომპანიებს 16 წლამდე არასრულწლოვნებისთვის ანგარიშების შექმნაზე თანხმობას უკრძალავს, დარღვევის შემთხვევაში კი $50 მილიონამდე ავსტრალიური დოლარის ჯარიმას აკისრებს. კანონი ძალაში წლის ბოლოდან შევა.
აკრძალვა გამონაკლისი სახით არ ვრცელდება Youtube-ზე, რომელიც მნიშვნელოვან საგანმანათლებლო პლატფორმადაა მიჩნეული და დაშვებულია ბავშვებისთვის, როგორც მშობლების ანგარიშზე მიბმული სერვისი.
Meta მიიჩნევს, რომ Youtube-ზე წვდომა 16 წლამდე მოზარდებს მაინც აძლევს იმავე გამოცდილებას, რის გამოც ავსტრალიის მთავრობამ აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის თქმით, ვიდეოპლატფორმის ალგორითმული რეკომენდაციები, შესაძლოა, საზიანო იყოს მომხმარებლისთვის.
გამოქვეყნებულ ბლოგში Meta აცხადებს, რომ ავსტრალიის მთავრობამ ახალი კანონის გავრცელება ყველა სოციალურ ქსელზე უნდა უზრუნველყოს.
TikTok-ის შეფასებით, მოზარდებისთვის Youtube-ზე წვდომის დაშვება "ალოგიკური და ანტიკონკურენციულია". თავის განცხადებაში კომპანია მთავრობას მოუწოდებს, კანონი ყველა პლატფორმაზე თანაბრად გავრცელდეს.
თავის მხრივ, Snapchat-ი მიიჩნევს, რომ არც ერთმა კომპანიამ არ უნდა ისარგებლოს შეღავათებით: "აუცილებელია სამართლიანი და მიუკერძოებელი აღსრულება ახალი კანონისა, ყველა კომპანია ერთი სტანდარტით უნდა შეფასდეს", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.