ავსტრალიის მწვანე ბანკის განცხადებით, გასულ ფინანსურ წელს სუფთა ენერგიის პროექტებსა და ქსელის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაში რეკორდული, $2.3 მილიარდის ინვესტიცია ჩადეს, რაც ქვეყნის წიაღისეული საწვავიდან განახლებად ენერგიაზე გადასვლის აჩქარებას ისახავდა მიზნად.
საქმე ისაა, რომ ავსტრალია, ქვანახშირით ელექტროენერგიის გენერაციით, მსოფლიოში ატმოსფეროს ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი ქვეყანაა ერთ სულ მოსახლეზე დათვლით. სწორედ ამიტომ, ქვეყანა გეგმავს, ქვანახშირის ელექტროსადგურები სრულად დახუროს 2038 წლისთვის და 2030 წლამდე გენერაციაში განახლებადი რესურსების წილი 82%-მდე გაზარდოს. ამ მიზნის მისაღწევად ანალიტიკოსები გაზრდილი ინვესტიციის საჭიროებაზე, 2050 წლამდე ემისიების ნულოვან დონემდე დაყვანასა და ენერგოუსაფრთხოებაზე ღიად საუბრობდნენ. WoodMackenzie-ის პროგნოზით, ავსტრალია, ამჟამინდელი ტემპით, ათწლეულის ბოლომდე განახლებადი ენერგიის წილს მხოლოდ 58%-მდე გაზრდის.
ავსტრალიის A$32.5 მილიარდიან მწვანე ბანკს, “სუფთა ენერგიის ფინანსურ კორპორაციას”, აქვს მანდატი, „ხელი შეუწყოს სუფთა ენერგიის სექტორში დაფინანსების ზრდას და ავსტრალიის სათბურის აირების ემისიების შემცირების მიზნების მიღწევას”. 2024-25 ფინანსურ წელს, ბანკმა A$4.7 მილიარდი გამოყო, საიდანაც A$4.5 მილიარდი განახლებადი ენერგიის პროექტებსა და ქსელის ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯა. ბანკის განცხადებით, ეს რეკორდული მაჩვენებელი იყო, ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე გასული ფისკალური წლის.
ყველაზე მსხვილი ტრანზაქცია, A$2.8 მილიარდი ავსტრალიის ეროვნული ელექტროქსელის გაუმჯობესების პროგრამისთვის განხორციელდა, საიდანაც ძირითადი ნაწილი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ელექტროენერგიის ახალი გადამცემი ხაზის მშენებლობისთვის დაიხარჯა.




























