მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ავსტრიის ყოფილი კანცლერი რუსეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს ტოვებს

62176b920e01c
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.22 15:47
1292
ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა კრისტიან კერნმა განაცხადა, რომ წყვეტს წევრობას რუსეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოში, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული Ria Novosti ავრცელებს.

INTERFAX-ის თანახმად, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ფინეთის ექს-პრემიერმა ესკო აჰომ, რომელიც რუსული სახელმწიფო ბანკის - “სბერბანკის” სამეთვალყურეო საბჭოში იკავებდა პოსტს.

„დღეს დილით შევატყობინე რუსეთის რკინიგზის ხელისუფლებას, რომ ვტოვებ უფლებამოსილებას დირექტორთა საბჭოში დაუყოვნებლივ. წუხელ რუსეთის რკინიგზა ფაქტობრივად სამხედრო ლოგისტიკის ნაწილი გახდა. მე ღრმად ვწუხვარ ამის გამო“, - განაცხადა კერნმა Standard edition-ისთვის.

უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყნის მასშტაბით საომარი მდგომარეობა გამოაცხადა; ქვეყანაში დაიხურა საჰაერო სივრცეც. რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინულ ქალაქებზე. უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყანა რუსეთთან დიპლომატიურ კავშირს შეწყვეტს.

აშშ, ევროკავშირი და დიდი შვიდეული რუსეთის მიმართ ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ, დღესვე ბორის ჯონსონმა NATO-ს საგანგებო სხდომის მოწვევისკენ მოუწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები