მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ავთანდილის მეღვინეობა“ წელს წარმოებას 40%-ით გაზრდის - რა გეგმები აქვს მეღვინეობას?

ავთანდილის მეღვინეობა

“ავთანდილის მეღვინეობა“ წელს წარმოებას 40%-ით გაზრდის, - ამის შესახებ BM.GE-სთან მეღვინეობის დამფუძნებელმა, ავთანდილ ირომაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ წარმოების ზრდა, მათმა ღვინომ, წარაფმა განაპირობა, რომელიც საერთაშორისო ბაზრებისა და გამოფენებიდან ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა.

მისი ინფორმაციით, წარმოების გაზრდის მიზნით, მეღვინეობაში ახალი ცისტერნებიც დაამატეს და სეზონს უკვე გაზრდილი წარმოებით შეხვდებიან.

„ჩვენმა ღვინომ იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა „ექსპო ჯორჯიას“ გამოფენაზე, განსაკუთრებით წარაფმა, რომ გადავწყვიტეთ, ღვინის წარმოება 20%-ის ნაცვლად, 40%-მდე გაგვეზარდა და ზრდაზე აქცენტი, სწორედ წარაფზე გაგვეკეთებინა. ამისათვის ახალი ცისტერნებიც შევიძინეთ, რაშიც დაახლოებით 50 000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ჯამში, წელს, 6000-8000 ბოთლამდე ღვინის ჩამოსხმას ვფიქრობთ.

იცით, იტალიასთან და გერმანიასთან გვქონდა მოლაპარაკებები. ღვინის სინჯები იტალიაში გვქონდა გაგზავნილი, სადაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მცირე წარმოება ვართ, რაოდენობები არ გვქონდა. მოთხოვნა ერთი კონკრეტული ღვინის პერიოდულად გაგზავნას მოითხოვდა, რაც წელიწადში 3000 ბოთლს გულისხმობს. მაშინ როდესაც, ჩვენ ჯამში 4000-4500 ღვინოს ვასხამდით. ძალიან პატარა მარანი გვაქვს და მეტს ვერ გადავამუშავებდით. შესაბამისად, წელს გადავწყვიტეთ, რომ ეს რაოდენობები გავზარდოთ. მართალია, ერთ კონკრეტულ ღვინოზე 3000 ბოთლზე ვერ ავდივართ, თუმცა "წარაფითა" და "გვიან მოსავალით" ვაპირებთ, რომ ის რაოდენობა შევქმნათ, რომელიც ექსკლუზივი იქნება ექსპორტზე, იმ კომპანიისთვის. ჩვენი ღვინო, იტალიაში ღვინის ბარებში უნდა გაიყიდოს.

რაც შეეხება გერმანიას, ვერ ვთანხმდებით ბიზნეს შეთანხმების ნაწილში. ამ ბაზარზე გასვლა შედარებით რთულია და უფრო მეტი პერიოდია საჭირო იმისათვის, რომ ამ ბაზარზე შევიდეთ. რადგან, ჩვენ არ გვაქვს ღვინის ლაბორატორია, შესაბამისად, გვიწევს მეგობარ მეღვინეებთან ღვინის ანალიზების გაკეთება. შესაბამისად, ეს გვიზღუდავს სტანდარტების დაკმაყოფილების პროცესს. რის მოგვარებასაც ეტაპობრივად ვაპირებთ“,- აცხადებს ირომაშვილი.

ცნობისათვის, "ავთანდილის მეღვინეობა" ბრენდად 2021 წელს იქცა. მეურნეობას ორ მიკროზონა და ერთი ადგილწარმოშობა აქვს, რაც საერთო ჯამში 3 ადგილწარმოშობის ღვინის წარმოებას გულისხმობს. ესენია, "ახოები", "საფერავი წარაფი" და "კარდანახი", რომელიც სოფელ კარდანახშია გაშენებული. კომპანია წელიწადში 3000-4000 ბოთლს აწარმოებს, რაც დაახლოებით 10-15 ტონა ყურძნის გადამუშავებას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები