კახეთში, სოფელ კარდანახში მდებარე „ავთანდილის მეღვინეობა“ ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა და 5 სახის ღვინოს აწარმოებს. ეს ღვინოებია: „წარაფი“, „ქვევრის რქაწითელი“, „საფერავი“, „ქვევრის ალადასტური“, "ალადასტურ ნახევრად მშრალ როზესა" და "გვიანი მოსავალი".
მეღვინეობის დამფუძნებელი, ავთანდილი ირომაშვილი BM.GE-სთან აცხადებს, რომ წელს ტურისტული მიმართულების ამოქმედებაზე მუშაობას იწყებს. მისი თქმით, მარანი, სადაც „ავთანდილის მეღვინეობის“ ღვინო იწარმოება, 150-წლიანი ისტორია აქვს და მარნის მრავალწლიანი ისტორიისა და მომხმარებლის გაზრდილი მოთხოვნის გამო, საჭირო გახდა სივრცის მოწყობა, სადაც სტუმრების მასპინძლობას და სხვადასხვა სერვისების შეთავაზებას შეძლებენ.
„გვინდა მომხმარებლებს მასტერკლასები და ადგილობრივი კერძების დაგემოვნება, ამასთან კულტურისა და ისტორიის გაცნობაც შევთავაზოთ. ვაჩვენოთ, როგორ მზადდება და ვარგდება ღვინო და სურვილის შემთხვევაში სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა თავადაც მივაღებინოთ. არ გვინდა, რომ სტუმრები წელიწადში ერთხელ ჩატარებულ ფესტივალს ელოდონ, რათა ჩვენი ღვინო დააგემოვნონ ან შეიძინონ. ამასთან, კარდანახში ძალიან ბევრი მცირე მარანია, რომლებიც ადგილწარმოშობის ღვინოებს აწარმოებენ და გვინდა, რომ მათ სეგმენტზეც გავიდეთ.
ობიექტის სრულად მოსაწყობად, ჯამში დაახლოებით 80000 დოლარის ინვესტიციაა საჭირო. სივრცეში კი, დაახლოებით 25 ადამიანის მასპინძლობაზე იქნება გათვლილი. სერვისის ღირებულება საშუალოდ 40-60 ლარის ინტერვალში იქნება წარმოდგენილი და ფასი შეთავაზებების მიხედვით იქნება დადგენილი. წლის ბოლომდე გვინდა ამ ობიექტის სრულად მოწყობა, რომ მომავალ წელს უკვე შევძლოთ ამ ობიექტის ამოქმედება,“- აცხადებს ირომაშვილი.
მისივე ინფორმაციით, წელს ტურისტულ საგრანტო პროგრამაში განცხადება შეიტანეს და ამ ეტაპზე პასუხის მოლოდინში არიან. იმ შემთხვევაში, თუ ამ კუთხით ვერ შეძლებენ თანხების მოძიებას, ბიზნეს სესხის აღებას გეგმავენ.