მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ავტობუსის ზოლები წერეთლის გამზირზე გზის შუა ნაწილში განთავსდება“ - კახა კალაძე

მერი

წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად აღდგა, ხოლო ავტობუსის ზოლები საავტომობილო გზის შუა ნაწილში იქნება განთავსებული. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი ინფორმაციით, დაპირება, რომ იანვრის ბოლოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დამთავრებული იქნებოდა, შესრულებულია და გადაადგილება უკვე ორმხრივად არის შესაძლებელი.

„ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად იცვლება. არ მინდა საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და მათ იფიქრონ, რომ პროექტი სრულად დასრულებულია. აქ საგზაო ნაწილზე იყო საუბარი და ეს სამუშაოები დასრულდა.

პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანებითი სამუშაოები. ასევე, ახალი განათების ბოძები გზის ერთ მხარეს უკვე დამონტაჟებულია, თავისი ტროტუარების განათებებით და მეორე მხარეს სამუშაოები მიმდინარეობს. ამასთან, ეზოებში შესასვლელი მიერთებები გაკეთდება, ახალი ასფალტი დაიგება, რომელიც დაიხაზება და ახალი შუქნიშნები გაკეთდება. ფაქტობრივად, ყველაფერი გაკეთდება და მართლაც ძალიან ლამაზი გამზირი იქნება.

მოძრაობა ჩვეულებრივად იქნება, ოღონდ ავტობუსის ზოლები გზის შუა ნაწილში განთავსდება, იმისთვის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს თავისუფლად და სწრაფად გადაადგილების საშუალება ჰქონდეს ,“-აცხადებს კახა კალაძე.

შეგახსენებთ, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციით დაკავებულ ორივე კომპანიას “ერ ტე დეს” (9 მლნ ლარი) და “მილენიუმ ბილდერ გრუპს” (22 მლნ ლარი) ხელშეკრულებები 16 იანვარს შეუწყდათ, რის მიზეზადაც კონტრაქტის პირობების დარღვევა და სამუშაოების უხარისხოდ და დაგვიანებით შესრულება გახდა.

ამის შემდეგ კი,თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ორ კვირაში დასრულებისთვის 4 კონტრაქტი გააფორმა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 24 საათიან რეჟიმში მუშაობა იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები