ავტოიმპორტიორებმა მთავრობას ავტომობილებზე აქციზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით პეტიციით მიმართეს. ავტოიმპორტიორთა ასოციაციამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში ხელმოწერები შეიტანა.
როგორც “საქმის კურსის” ეთერში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა, სექტორს 3 ძირითადი მოთხოვნა აქვს - გადაიხედოს 6-წლიანი ასაკობრივი ზღვარი და გაიზარდოს 10 წლამდე, 10 წლამდე ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის გადასახადი განისაზღვროს 1.5 ლარის ოდენობით ძრავის კუბურ სანტიმეტრზე, ხოლო 10 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის - 4.5 ლარი.
ასევე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა არგუმენტირებული დიალოგის წარმართვის.
როგორც ალექსი ნონიაძე განმარტავს, სექტორი საერთოდ არაა მომხრე აქციზის ზრდის, თუმცა იმ პირობებში, როდესაც თავად მთავრობა განბაჟებას მკვეთრად აძვირებს, მათ მიერ შეთავაზებული პირობები გარკვეულწილად კომპრომისული ვარიანტია.
“თავდაპირველი რეგულაციით, საერთოდ 6 წლამდე ავტომობილის რეგისტრაციას კრძალავდნენ. შემდეგ თითქოს გარკვეულ დათმობაზე წამოვიდნენ, აკრძალვა ახლა არ არის, მაგრამ იმდენად იზრდება აქციზის გადასახადი, რომ ფაქტობრივად, ჩვენი მოსახლეობის 90%-ს ამის გადახდის შესაძლებლობა არ აქვს.
რა თქმა უნდა, ამას არ მივესალმებით და ამ ხნის განმავლობაში, რაც ეს ინიციატივა გამოვიდა და დღის სინათლე ნახა, მგონი, ერთადერთი ორგანიზაცია ვართ, ვინც სტაბილურად, თანმიმდევრულად მივყვებით ამ პროცესს და ვაპროტესტებთ. არა მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ეს ბიზნესისთვის მიუღებელია, არამედ იმიტომ, რომ ეს მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის მიუღებელია.
ამიტომ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ შემხვედრ ნაბიჯზე წავსულიყავით და შეგვეთავაზებინა ეს ვარიანტი, რომ 6 წლამდე ავტომობილების ზღვარი გავზარდოთ 10 წლამდე და 10 წელზე ძველ მანქანებზე განბაჟების საფასური იყოს 4.5 ლარი.
სოციალურ ქსელში ამას ძალიან დიდი გამოხმაურება და ნეგატივი მოჰყვა, თითქოს ჩვენ, ასოციაცია ამას ვეთანხმებით, ან ავტოიმპორტიორები, ან ზოგადად ბიზნესია ამაზე თანახმა. არანაირად არ ვართ თანახმა, პირიქით ყველაზე მეტს ალბათ ჩვენ ვსაუბრობდით. მაგრამ იმ მოცემულობაში, სადაც ვართ ამ მომენტში, რომ 1 კვირაში მივიღებთ არასწორ კანონს, წავედით შემხვედრ ნაბიჯზე და ვეუბნებით [მთავრობას], რომ [10 წლამდე ავტომობილებისთვის] განბაჟება 1.5 ლარი იყოს, ნაცვლად 4.5 ლარისა”, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.




























