მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოიმპორტიორები ავტომობილებს თვითღირებულებაზე ნაკლებად ყიდიან და ზარალზე მუშაობენ - ასოციაცია

ავტომობილები საქართველოდან ყაზახეთში-კავკასიის ავტოიმპორტის მორიგი წარმატებული პროექტი რეექსპორტის წახალისებისთვის.

ბაზარზე მეორადი ავტომობილების სიჭარბეა, გასაყიდი ფასი კი 15-20%-ით არის შემცირებული- ამის შესახებ bm.ge-თან ავტოიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები საუბრობენ. როგორც ისინი ამბობენ, არსებული გამოწვევების ფონზე ბოლო რამდენიმე თვეა შემცირდა ავტომობილის იმპორტიც.

მეორადი ავტომობილების ბაზარზე არსებულ სიჭარბეზე საუბრობს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ნონიაძეც. მისი თქმით, დღეს ავტოდილერებს უფრო მეტი საბრუნავი კაპიტალი სჭირდებათ, ვიდრე გასულ წლებში, თუმცა ბაზარზე არსებული გამოწვევების ფონზე ავტომობილების გაყიდვა თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასადაც კი ხდება.

ნონიაძის თქმით, იმპორტის შემცირების პარალელურად რეექსპორტის ვაჭრობის მაჩვენებლები იზრდება, თუმცა თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით ჩავშლით კლება აქაც შეინიშნება.

“2023 წლის მონაცემებით, ჭარბი მიწოდება იყო 60 000 ერთეულით ვიდრე ამას ბაზარი აიტანდა. შესაბამისად ეს რაოდენობა ბაზარმა უნდა გაყიდოს წინააღმდეგ შემთხვევაში სულ მუდმივად გვექნება იმპორტის შემცირება.

მხოლოდ ვაჭრობის მოცულობით არ უნდა დავითვალოთ, რომ რეექსპორტში ზრდა გვაქვს. გაყიდული ავტომობილების თვალსაზრისითაც უნდა დავითვალოთ. ძლივს დავეწიეთ 2019 წლის მაჩვენებელს. დაახლოებით 107 000 ერთეული გავყიდეთ. რაც შეეხება 2024 წლის მონაცემებს, აქაც რომ შევადაროთ წინა წლის მონაცემებს ვაჭრობის ნაწილში ზრდა გვაქვს, ხოლო რაოდენობის ნაწილში კლება შეინიშნება.

ამ მოცემულობის წინაშე ვდგავართ. თუ ადრე ავტომობილის ფასი იყო 9 000-10 000 დოლარი, ახლა არის 19 000 დოლარი. გამოდის რომ უკვე ავტოიმპორტიორს საბრუნავი კაპიტალი ეზრდება და იმის გამო რომ ბაზარზე კრიზისია და არ იყიდება, საუკეთესო შემთხვევაა, რომ თვითღირებულებაში გაყიდო. თვითღირებულებაზე ნაკლებად ყიდიან და მოგება არ რჩებათ,” - ამბობს ალექსანდრე ნონიაძე.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით 2024 წლის იანვარ-თებერვალში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 258.1 მლნ. აშშ დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 36%-იანი კლება იყო. რაც შეეხება რეექსპორტს, ამავე პერიოდში საქართველოდან ექსპორტის სახით 262.6 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები გავიდა, რაც თითქმის 11%-იანი ზრდაა. განახლებული ინფორმაცია სავაჭრო ბრუნვასთან დაკავშირებით საქსტატმა 2024 წლის 19 აპრილს უნდა გამოაქვეყნოს.