ქართველი ავტოიმპორტიორებისთვის ევროპიდან ავტომობილების ტრანსპორტირების პროცესი გართულდა - ბულგარეთი-თურქეთის საზღვარზე წარმოქმნილი შეფერხებები და თურქული მხარის მხრიდან დაწესებული ახალი, გაურკვეველი ფინანსური ვალდებულებები სექტორს დიდ დარტყმას აყენებს.
ამის შესახებ BMG-სთან ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე საუბრობს. მისი თქმით, არსებული ვითარება საგანგაშოა, ამიტომ, ხელისუფლებას დახმარებისკენ მოუწოდებს.
ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, პრობლემა სახმელეთო გზით შემოყვანილ ავტომობილებს ეხება, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის გავლით ხვდებიან - თურქულმა მხარემ ავტოიმპორტიორებს საბაჟო დეკლარაციის შევსება მოსთხოვა, რაც სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული.
„დამატებით თანხას ითხოვდნენ, ისე არ ატარებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ ტრანზიტით ვერ მოხვდებით ქვეყნის ტერიტორიაზე და სხვა ალტერნატიული მარშრუტი მოძებნეთ. მეორე ეტაპზე უკვე გადავიდნენ იმაზე, რომ მოთხოვნა არის საბაჟო დეკლარაციის შევსებაზე. ოფიციალურად 150 ევროა გადასახდელი, თუმცა დეკლარაციის შევსება, საბოლოო ჯამში, სადღაც 350-450 ევრო ჯდება“ - ამბობს ალექსი ნონიაძე BMG-სთან.
მისი განმარტებით, ცარიელი ავტომობილების შემთხვევაში, მსგავსი დეკლარაციის მოთხოვნა სამართლებრივ ჩარჩოებს სცილდება და მხოლოდ ტვირთის გადაზიდვისას არის სავალდებულო.
„ეს მოთხოვნა იმ შემთხვევაშია სამართლებრივად მართებული, როდესაც ტვირთი დევს ავტომობილზე. მაგრამ ცარიელი ავტომობილის შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ამის მოთხოვნის უფლება არა აქვთ. არის რაღაც შევიწროებები და კონკურენციის ფაქტებს აქვს ადგილი. პრობლემა კიდევ ის არის, რომ ამას სისტემური ხასიათი არა აქვს: არის ცვლები, როდესაც ატარებენ უპრობლემოდ და არის ცვლები, როდესაც დამატებით თანხას ითხოვენ,“ - განმარტავს ნონიაძე.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში აქვთ ვერსია, თუ რატომ გაამკაცრა თურქეთმა კონტროლი. მათი ინფორმაციით, თურქეთის სახელმწიფო ცდილობს ებრძოლოს შიდა დარღვევებს, თუმცა ამ პროცესში ქართველი დილერები ზარალდებიან.
„პრობლემას იმაში ვხედავ, რომ ადგილზე თურქეთში, როგორც ჩვენი წყარო გვაწვდის ინფორმაციას და ჩვენც ვადევნებთ მოვლენებს თვალს, შედის ავტომობილები ტრანზიტით და მერე, სავარაუდოდ, არ ტოვებს ქვეყანას. შეიძლება იშლება ადგილზე უკანონოდ. ამიტომ თურქეთის სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს შეზღუდვები გაემკაცრებინა. სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს მიზეზი, სხვა შემთხვევაში - ალბათ კორუფცია.“
ალექსი ნონიაძე მიიჩნევს, რომ საკითხი სახელმწიფოთაშორის დონეზე უნდა გადაწყდეს, რათა ქართველმა იმპორტიორებმა არ გასწიონ გაუმართლებელი ფინანსური და დროითი ხარჯები.
„ჩვენ სამინისტროს მივმართეთ თხოვნით, რომ დაგვეხმაროს, ამ თემაში გაერკვეს და არ იყოს შეფერხება. დამატებითი დროითი და ფინანსური ხარჯები ექნებათ ავტოიმპორტიორებს, ზოგიერთი მათგანი 3-4 დღეა გაჩერებული. გვჭირდება შუამდგომლობა თურქეთის ხელისუფლებასთან, რომ საქართველოს მოქალაქეებმა კანონის ფარგლებში გაიარონ საზღვარი უპრობლემოდ და იმ გადასახადების გარეშე, რომელიც მათ ისედაც არ ეკუთვნით” - აცხადებს ალექსი ნონიაძე.
ავტოიმპორტიორები იმედოვნებენ, რომ შესაბამისი უწყებები თურქულ მხარესთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ, რათა საზღვარზე გადაადგილება კვლავ ოფიციალურ, გამჭვირვალე ჩარჩოებში დაბრუნდეს.
თურქეთის გავლით, საქართველოში ავტომობილები ძირითადად, გერმანიიდან შემოდის. მათი დიდი წილი ინდუსტრიული და კომერციული დანიშნულების ავტომობილებია. შემოყვანილი ავტომობილების უდიდესი ნაწილი, როგორც წესი, რეექსპორტზე გადის. 2025 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების 111.6 ათასი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით მეტია.




























