თუკი მოვლენები ნეგატიური სცენარით განვითარდება, საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება - ასე აფასებენ ავტოიმპორტიორთა ასოციაციაში ეროვნული ბანკის შეფასებას აშშ-ს ტარიფებთან მიმართებაში.
საქმე ისაა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, აშშ-ში ავტოიმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესება ზოგადად ავტომობილების საფასურს გაზრდის, რაც საქართველოში აშშ-დან ავტოიმპორტზეც აისახება. სებ-ი მოელის, რომ ეს გარემოება აშშ-დან ავტოიმპორტს შეამცირებს, რაც თავის მხრივ ავტოექსპორტის შემცირებაზე აისახება.
როგორც BMG-ის ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ განუცხადა, მოვლენების ნეგატიური სცენარით განვითარება იმ შემთხვევაშია მოსალოდნელი, თუკი საქართველოში აშშ-დან იმპორტირებული ავტომობილები იმდენად გაძვირდება, რომ ქვეყნის ძირითადი სარეექსპორტო ქვეყნები სხვა ბაზრებზე გადაეწყობიან. ალექსი ნონიაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში ქვეყანამ შესაძლოა, გარკვეულწილად ავტოჰაბის ფუნქციაც დაკარგოს.
“ნეგატიური სცენარის შემთხვევაში, [აშშ-დან იმპორტირებული] ავტომობილები საქართველოში მნიშვნელოვნად, 25-30%-ით გაძვირდება. ეს კი საქართველოდან გასული ავტომობილების სარეექსპორტო ფასებსაც გაზრდის. ამ შემთხვევაში კი შეიძლება მივიღოთ ის სცენარი, რაზეც ეროვნული ბანკიც საუბრობს, რომ საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტი 11%-ით შემცირდება.
აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ ცეტრალური აზიის ქვეყნების შემთხვევაში ჩვენ ერთადერთი ბაზარი არ ვართ. იქ დუბაიდან და ჩინეთიდანაც შედის ავტომობილები. თუკი ამერიკულ ავტომობილებზე ფასები მკვეთრად გაიზრდება, მაშინ ჩინური ავტომობილები იქნება მისი ალტერნატივა. თუ ეს მოხდა, ჩვენგან ბუნებრივია, ავტომობილების რეექსპორტი მკვეთრად შემცირდება და ჰაბის ფუნქციასაც დავკარგავთ, რადგან ჩინეთიდან წამოსული ავტომობილები ცენტრალური აზიის ქვეყნებს გამოივლის და ისე ჩამოდის საქართველოში, აქედან კი უკან ცენტრალური აზიის ქვეყნებში ვერ დაბრუნდება, ანუ მთელი რეექსპორტის გეოგრაფია იცვლება ანუ იმ ფუნქციას ვკარგავთ, რაც გაგვაჩნია.
თუმცა არის სიგნალები, რომ აშშ ტარიფებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, ასევე საბოლოოდ არ ვიცით, უკვე დაწესებულ ტარიფებს, რა გავლენა ექნება მეორადი ავტომობილების ფასებზე, ამიტომ მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ მოვლენები ნეგატიური სცენარით არ განვითარდება”, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.




























