საქსტატმა 2026 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ თვეში საქართველოს იმპორტი 33.7%-ით, 1.17 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იმპორტის კლება უკავშირდება ხელოვნების ნიმუშების იმპორტს, საქმე ისაა, რომ 2025 წლის იანვარში აღინიშნა ერთჯერადი ოპერაცია, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების საქართველოში რელოკაციას უკავშირდებოდა.
რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, იმპორტის მთლიან კლებაზე გავლენა ჰქონდა ავტოიმპორტის 40%-ით შემცირებას. თუკი 2025 წლის იანვარში საქართველოში 248 მილიონი დოლარის ავტომობილები შემოვიდა, მიმდინარე წლის იანვარში იმპორტი 150 მილიონი დოლარი იყო. თავის მხრივ შემცირებულია ავტოექსპორტიც 22.5%-ით, 100 მილიონ დოლარამდე.
რაც შეეხება სხვა საქონელს, ნავთობის იმპორტი 10%-ით, 97 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ბუნებრივი აირის იმპორტი კი 7%-ით გაიზარდა 79 მილიონ დოლარამდე.
2026 წლის იანვრის იმპორტის სტატისტიკა
| # | საქონელი | ექსპორტი - მლნ დოლარი | წლიური ცვლილება |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $150 მილიონი; | -40% |
| 2 | ნავთობი და ნავთობპროდუქტები | $97 მილიონი; | -10% |
| 3 | ბუნებრივი აირი | $79 მილიონი; | 7% |
| 4 | სამკურნალო საშუალებები დაფასოებული | $44 მილიონი; | -10% |
| 5 | არმატურა | $24 მილიონი; | 118% |
| 6 | ელექტროენერგია | $22 მილიონი; | 157% |
| 7 | ელექტროგენერატორული დანადგარები (ქარის ტურბინები) | $19 მილიონი; | 663% |
| 8 | მობილური ტელეფონები | $19 მილიონი; | -6% |
| 9 | ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები | $15 მილიონი; | იმპორტი წინა წლის იანვარში არ ყოფილა |
| 10 | ნახევარგამტარი ხელსაწყოები | $14 მილიონი; | იმპორტი წინა წლის იანვარში არ ყოფილა |
| 11 | დანარჩენი საქონელი – სულ | $647 მილიონი. | -45% |




























