ღვინის და სხვა ალკოჰოლური თუ უალკოჰოლო სასმელების წარმოებისთვის საჭირო მანქანა-დანადგარები, უჟანგავი ფოლადის ავზები და წარმოების სრული ციკლის დაგეგმვა და მომსახურების მიწოდება - ამ პროდუქტსა და მომსახურებას სთავაზობს კომპანია „გ.ბ. კონსალტინგი“ ადგილობრივ თუ უცხოურ ბაზარზე სხვადასხვა დასახელების სასმელების მწარმოებელ კომპანიებს.
კომპანიამ ქვეყანაში „გ.ბ. კონსალტინგი“ სახელით ოპერირება 2009 წლიდან დაიწყო და წარმოება გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფთან აამოქმედა. თუმცა როგორც მისი დამფუძნებელი მეღვინე, ინჟინერ-ტექნოლოგი გიორგი ბეციაშვილი bm.ge-სთან ამბობს, ღვინის წარმოებისთვის საჭირო ევროპული წარმოების მანქანა დანადგარების საქართველოში იმპორტი და მონტაჟი ჯერ კიდევ 1996 წლიდან დაიწყო.
დღეს სხვადასხვა დასახელების სასმელების, ძირითადად კი ღვინისა და მაღალალკოჰოლური სასმელების წარმოებისთვის საჭირო GB Tech-ის ბრენდის დანადგარები, ავზები და მომსახურება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც მოთხოვნადია.
„გასულ წელს ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქტის 40% იყო მიმართული, ექსპორტზე კი 60%. თუმცა ეს რიცხვები მოთხოვნის მიხედვით იცვლება და ყოველწლიურად შესაძლოა განსხვავებული იყოს.
ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია სომხეთიდან, ასევე ბევრი პროექტი გვაქვს შესრულებული აზერბაიჯანში, უზბეკეთში, გვქონია შეკვეთები იტალიიდანაც.
მანქანა-დანადგარების მიწოდების გარდა, ჩვენი კომპანია აგრეთვე მომსახურების ექსპორტითაა დასაქმებული, რაც მოიცავს ახალი საწარმოების დაგეგმარებას ან არსებულის რეკონსტრუქციას“, - აღნიშნა გიორგი ბეციაშვილმა.
მისი ინფორმაციით, საქართველოში არსებობს ანალოგიური პროფილის საწარმოები, რომლებიც ადგილზე აწარმოებენ ავზებს ან დაკავებულნი არიან იმპორტით. თავად კი ავზების წარმოებისთვის ევროპული წამყვანი ფირმების მიერ წარმოებულ უჟანგავ ფოლადს და სხვა საჭირო აქსესუარებს მოიხმარს, რაც ძირითადად იტალიიდან შემოაქვს.
წარმოების მოცულობებზე საუბარი უჭირს, თუმცა ამბობს, რომ დღეისთვის კომპანია 42 მაღალკვალიფიციურ ადამიანს ასაქმებს. საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 100-მდე საწარმოს პროექტი აქვს შესრულებული. დღემდე დამზადებული ტარა-ჭურჭლის საერთო მოცულობა 100 მლნ ლიტრს აღემატება, წარმოებისას კი არანაკლებ 5000 ტონა უჟანგავი ფოლადის თუნუქია გახარჯული.