მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მითანამ“ ძეხვეულის წარმოება შეაჩერა - კომპანიაში მიზეზებს განმარტავენ

64bfaa46163f6
ვიქტორია მღებრიშვილი
25.07.23 14:37
8183
ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელმა კომპანია „მითანამ“ ძეხვეულის წარმოება შეაჩერა, ნახევარფაბრიკატების წარმოებას კი აგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ს კომპანიის დირექტორმა კახა ყრუაშვილმა დაუდასტურა.

კომპანია „მითანას“ მენეჯმენტში, რომელიც საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ბაზარზე 2007 წლიდანაა დარეგისტრირებული, წარმოების შეჩერების გადაწყვეტილება ერთი თვის წინ წარმოების ზარალიანობის გამო მიიღეს და ძეხვის წარმოება 8 ივლისს შეწყვიტეს.

კომპანიის დირექტორი კახა ყრუაშვილი BM.GE-სთან განმარტავს, რომ ბოლო 4-5 თვის განმავლობაში ძეხვის წარმოება ზარალიანი გახდა, მდგომარეობა კი ბიზნესს გასული წლის ნოემბრიდან გაუუარესდა. კომპანიის სრული გაკოტრების თავიდან ასაცილებლად „მითანას“ 100%-იანი წილის მმართველმა ამირან ქორთიაშვილმა, წარმოების ნაწილობრივი, დროებითი შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

„დროებით ვაჩერებთ ძეხვეულის წარმოებას, ნახევარფაბრიკატების წარმოებას კი ვაგრძელბთ. ეს გადაწყვეტილება დაახლოებით 1 თვის წინ მივიღეთ და ამის მიზეზი ბაზრის ჩამოუყალიბებლობაა. საქმე ის არის, რომ „მითანა“ მაღალხარისხიან პროდუქტს აწარმოებს და ძეხვეულის წარმოებისთვის ნედლეულად ხორცს ვიყენებთ და არა მის შემცვლელებს. ბაზარზე ჩვენი პროდუქტი მომგებიანი ვეღარ იქნებოდა და ზარალზე მუშაობას, წარმოების შეჩერება გადავწყვიტეთ, სანამ ბაზარზე მდგომარეობა არ ჩამოყალიბდებოდა.

ბოლო 4-5 თვეა კომპანია ზარალზე გავდიოდით, მდგომარეობა გასული წლის ნოემბრიდან გაუარესდა, რის შემდეგაც მარკეტინგული გზებით მოსახლეობის ინფორმირებას ვცდილობდით. ასევე სავაჭრო ობიექტებისთვისაც მდგომარეობის ახსნას შევეცადეთ, თუმცა ჩვენი პროდუქტის მიღებას ობიექტების 10% თანხმდებოდა. სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა იმ პროდუქტს ანიჭებდა უპირატესობას, სადაც უფრო მეტი მოგება რჩება. „მითანას“ ძეხვეულის თვითღირებულება კი სხვა პროდუქციასთან შედარებით მაღალია და დიდი მოგება ვერ დარჩებოდათ. სანამ კომპანიის რესურსი სრულად ამოიწურებოდა და გაკოტრებისკენ წავიდოდით, გადავწყვიტეთ წარმოება შეგვეჩერებინა. მაგალითისთვის, მომხმარებელი არ აკვირდება იმას, ხორცისგან არის წარმოებული სერველადი, თუ ფარშისგან და იმას ყიდულობს, რომელიც უფრო იაფი ღირს. თუ სერველადი 15 ლარი ღირს და დახლზე 20 ლარიანიც დევს, მომხმარებელი 15 ლარიანს იყიდის. ჩვენ ძეხვეულს იმპორტირებული ევროპული ხორცისგან ვაწარმოებდით და შესაბამისად თვითღირებულებაც მეტი იყო“, - განმარტავს კომპანიის დირექტორი.

მომხმარებლის ქცევასთან ერთად, კახა ყრუაშვილი პროდუქციის რეალიზაციისას არსებული პრობლემების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად რიტეილ სექტორის წარმომადგენლებთან, კერძოდ ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობის კომპანიისთვის მიუღებელ პირობებსა და მაღალ ქეშბექებს ასახელებს.

„ქსელები, რომლებიც 300 მაღაზიას მართავენ, ძეხვეული პროდუქტის შეტანის შემთხვევაში 30-40%-იან ქეშბექს ითხოვენ, ასეთ მაღალ პროცენტს ჩვენ ვერ ვიხდიდით, რადგან მინუსში გავიდოდით, ამიტომ ქსელურ მარკეტებთან არ ვთანამშრომლობდით. მცირე უბნის მარკეტებთან თანამშრომლობა იმიტომ გვიჭირდა, რომ ხშირია მათი დახურვისა და იმ ადგილზე ქსელური მარკეტებით ჩანაცვლების ტენდენცია, რაც თანხების ამოღებას რისკის ქვეშ აყენებდა. ბოლო 4-5 თვის განმავლობაში საშუალოდ თვეში 40-50 ლარის ზარალი გვქონდა“, - აცხადებს წარმოების დირექტორი და დასძენს, რომ კომპანია სრულად 220 ადამიანს ასაქმებდა, საიდანაც ნახევარფაბრიკატების წარმოებაზე 30 ადამიანი საქმდება, ხოლო დანარჩენი ძეხვეულზე მუშაობდა და მათი გაშვება მოუწიათ.

კითხვაზე - როდის შეიძლება „მითანას“ ძეხვეული დახლებზე კვლავ გამოჩნდეს, კომპანიაში პასუხი არ აქვთ. კახა ყრუაშვილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ წარმოების ამოქმედებას ბაზარზე მდგომარეობის გამოსწორების და ხარისხიან პროდუქტზე მოთხოვნის გაჩენის შემდეგ შეძლებენ.

მისივე ინფორმაციით, 2010-2015 წლებში 10-15 ტონა ძეხვეულს აწარმოებდნენ, ბოლო პერიოდში კი წარმადობა 5-8 ტონამდე იყოს შემცირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები