მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“აწარმოე საქართველოშის” ბიუჯეტმა 500 მლნ ლარს მიაღწია - გაფართოვდა და შეიცვალა სასესხო ლიმიტები

5edcda859bd66
შოთა ტყეშელაშვილი
07.06.20 16:12
3480
ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის, “აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა გადაცემა “Forbes-ის კვირაში” ისაუბრა იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც საქართველოს მთავრობამ გასული კვირის ბოლოს დაამტკიცა. შედეგად, პროგრამის ბიუჯეტმა ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა და მას 330 მილიონი ლარის მოცულობით ბიზნესის დაფინანსებისთვის საკრედიტო საგარანტიო მექანიზმი დაემატა.

“ცვლილებები არის კოლოსალური, პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ბიუჯეტი არის მნიშვნელოვნად გაზრდილი. თუ იქამდე ჩვენი სააგენტოს ბიუჯეტი დაახლოებით 50 მილიონი ლარი იყო, ახლა 500 მილიონ ლარამდე ადის.

მოვყნები თუ რა სახის მეწარმეებს ფარავს ჩვენი პროგრამები, რადგან მნიშვნელოვანია რომ მეწარმეებმა იცოდნენ, რომ ყველა შემოსავლის კატეგორიაში მოღვაწე მეწარმისთვის ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ფინანსური პროდუქტები და ამ ფინანსური პროდუქტების გარეთ არცერთი მეწარმე არ რჩება.

დავიწყებ ყველაზე მცირეთი, ეს არის მიკრო გრანტების პროგრამა მცირე მეწარმეებისთვის, აქ წარსულში გვქონდა მაქსიმუმ 20,000 ლარამდე მოცულობის გრანტების პროგრამა, დღეს არის უკვე 30,000 ლარი. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ გრანტების პროგრამაში ვამატებთ თბილისს, რაც გაზრდის ამ კონკრეტული პროგრამის მასშტაბს.

მირკო გრანტების მიმართულებით არის 200-ზე მეტი საქმიანობა, სადაც შესაძლებელია, რომ გაიცეს დაფინანსება.

რაც შეეხება ჩვენი ყველაზე ფართო მოცვის პროგრამას, რაც სუბსიდირების მექანიზმია, აქაც გვაქვს ცვლილებები, რომლებიც მინდა რომ მეწარმეებს გავაცნო. პირველ რიგში ეს არის ის, რომ ჩვენ დავწიეთ სესხის ქვედა ზღვარი. დღეს უკვე შესაძლებელია, რომ 50,000 ლარის სესხიც კი აიღოს მეწარმემ და პროცენტის თანადაფინანსებით ისარგებლოს.შესაბამისად საჯმერ დაიკლო ქვედა ზღვარმა 150,000 ლარიდან. ეს ეხება როგორც სუბსიდირების, ასევე საკრედიტო გარანტიის პროგრამას.

ასევე, 2 წლის მაგივრად 3 წლის განმავლობაში მოხდება სესხების სუბსიდირება. გაიზარდა თანადაფინანსების პროცენტიც. თქვენ იცით რომ 7%-ზე ჩავედით 10%-დან 2019 წლის ბოლოს, რაც რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებით იყო გამოწვეული. დღეს ისევ ვზრდით თანადაფინანსების პროცენტს და ის იქნება რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%, რაც დღევანდელი მონაცემებით გამოდის 11.5%.

და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც ლიდერობს ბიუჯეტის მოცულობით, ეს არის 330 მილიონი ლარი, რომელიც იქნება მხოლოდ ამ პროგრამაზე. 300 მილიონი ლარი გახდა და მას 30 მილიონი ლარიც დაემატა, რადგან მიკროსაფინანსოებიც შემოვიყვანეთ ამ პროგრამაში.

მთავარი ამოცანა არის რამდენიმე - ერთი რომ ახალ სესხებზე მოხდება თითოეულ სესხზე 90%-ით სახელმწიფოს მხრიდან სესხის გარანტირება, ეს არის ფაქტობრივად დეპოზიტზე დადებული სახსრები პირდაპირ მეწარმის დაკრედიტებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ის ბანკს აძლევს საშუალებას დააფინანსოს სხვადასხვა ტიპის ბიზნესი, რომელზეც შეიძლება აქამდე თავი შეეკავებინა. მეორე მიმართულება არის არსებული სესხების რესტრუქტურიზება და სამწუხაროდ, ალბათ ასეთი ძალიან ბევრი იქნება. ასეთ სესხებში სახელმწიფო 30%-თ მოახდენს გარანტირებას.

ჩვენი გათვლებით საწყის ეტაპზე რესტრუქტურიზებული სესხების მოცულობა იქნება უფრო მეტი, თუმცა გაგიკვირდებათ, მაგრამ ბოლო თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ბიზნეს იდეა გაჩნდა, მათ შორის სასტუმროებზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი ამ პროგრამების დაანონსებას ძალიან სწორად აღიქვამს,”- განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომელშიც განსაზღვრულია ეკონომიკის ის სექტორები, რომლებშიც საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით დაფინანსება გამოიყოფა. დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ ბენეფიციარის შემოსავლების მოცულობა მეოთხე და მესამე კატეგორიის საწარმოს ზომას არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო მისი არსებული სესხების ჯამი კი 12 მილიონ ლარს არ უნდა აჭარბებდეს.

მიხეილ ხიდურელი "Forbes-ის კვირაში"




უფრო ვრცლად, პროგრამის შესახებ იხილეთ სტატიაში - როგორ ჩაერთვებიან ბიზნესები 300-მილიონიან საკრედიტო საგარანტიო სისტემაში - წესები და პირობები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები