მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი რეგულაციები კომპანიებს - პარლამენტმა "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის” კანონი დაამტკიცა

603e5e5544394
სალომე მეცხვარიშვილი
02.03.21 20:00
1075
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის” შესახებ, რომელიც საქართველოში მოქმედ საწარმოებს ახალ ვალდებულებებს აკისრებს. ცვლილებები სულ საქართველოს 7 კანონში შევიდა, მათ შორის “ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მდებარე მსხვილ საწარმოებს ჰაერის მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მოუწევთ.

ახალი რეგულაციების შესრულება სავალდებულო უკვე 1 ივნისიდანაა, ჰაერის დაბინძურების გაკონტროლების ვალდებულება კი, სულ 85 საწარმოს ეხება.

ახალი დანადგარები გააკონტროლებენ, რამდენად ბინძურდება ჰაერი კონკრეტული კომპანიის მხრიდან და ხომ არ აჭარბებს დაბინძურების ხარისხი დაწესებულ ნორმებს. საუბარია, ისეთ ნივთიერებებზე, როგორებიცაა ტყვია, გოგირდი, მტვრის ნაწილაკები და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციის ამოქმედებამდე სულ რამდენიმე თვე რჩება, ე.წ. დამბინძურებელი ნივთიერებების ზუსტი ჩამონათვალი ბიზნესს სულ ახლახან მიაწოდეს. როგორც კერძო სექტორი ამბობს, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დანადგარების შეძენა აქამდე ვერ მოხერხდა, ესაა.

“საქართველოს ბიზნესასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლამდე 3 თვე რჩება, ეს დრო კი, დანადგარების შეძენისა და დამონტაჟებისთვის საკმარისი არ არის.

“ეს არის ლოჯისტიკური საკითხი. კომპანიას შეიძლება ერთი მილიონი ლარი დაუჯდეს დანადგარების მონტაჟი, რადგან ბევრი გაფრქვევის წერტილი ჰქონდეს. კომპანიამ უნდა გამოაცხადოს საერთაშორისო ტენდერი, ამ ტენდერში მონაწილეობისთვის ვადა უნდა მიეცეთ სხვა კომპანიებს, შემდეგ უნდა მოხდეს შერჩევა, შემდეგ ინდივიდუალურად მიმდინარეობს მოლაპარაკება ხელშეკრულებაზე, რაც 2-3 კვირას გრძელდება. ამ ყველაფრის შემდეგ ხდება ფულის გადარიცხვა, ჩამოტანა და მონტაჟი. ვადები რომ არარეალისტურია იმასთან შედარებით, რაც ახლა მოვყევი, მგონი ყველა ვხვდებით”, - აცხადებს ლევან ვეფხავძე.

მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორი ვალდებულებების გადავადებას ითხოვდა, პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. რეგულაციების ამოქმედების ვადებმა ნაწილობრივ, სულ 6 თვით გადაიწია, ესეც იმ მიზნით, რომ მათ ამოქმედებამდე კანონქვემდებარე აქტების შემუშავება მოესწროს. საუბარია იმ ნაწილზე, რომელიც ბიზნესს ავალდებულებს, ჰქონდეს წინასწარ გაწერილი გეგმა და თუ მათი საქმიანობა გავლენას მოახდენს გარემოზე, ჰქონდეთ დარეზერვებული თანხა ამ ზიანის აღმოფხვრისთვის, აღნიშნული ვალდებულება ამოქმედდება 2023 წლის 1 ივლისიდან, 6 თვით გვიან, ვიდრე პირვანდელ ვარიანტში იყო მოცემული.

“ბიზნესთან გვქონდა არაერთი შეხვედრა და შევთანხმდით, რომ ახალი რეგულაციები, რომლებიც ჰაერის მონიტორინგს ითვალისწინებს, წელსვე შევა ძალაში. კანონქვემდებარე აქტის პროექტიც გავაცანით ბიზნესს, ასევე, თითოეულ კომპანიას გაუგზავნეთ წერილი და სამინისტროში გამოყოფილია თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც კონსულტირებას უწევს ბიზნესს”, - აცხადებს bm.ge-ისთან გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი.

მისივე თქმით, კანონის ძალაში შესვლიდან მეორე დღევე სამინისტრო ყველა კომპანიას ვერ შეამოწმებს, თუმცა ზედამხედველობის სამსახური დაგეგმავს პროცესს და მას მიყვება.

ახალი ვალდებულებების დაკმაყოფილებისთვის ბიზნესს ფინანსური ხარჯის გაწევაც მოუწევს. კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ თვითმონიტორინგის სისტემის მოწყობა თითოეულ მავნე ნივთიერებაზე და ასეთი სულ 6-ია, საშუალოდ 10-15 ათასი ევრო ღირს, თუმცა კერძო სექტორი აცხადებს, რომ თითოეული გაფრქვევის წერტილისთვის თითო დანადგარია საჭირო, რაც მთლიანობაში სერიოზულ დანახარჯებს ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები