მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი სასტუმროები ლოპოტასა და ილიას ტბებზე - რა გაკეთდება 2020 წელს კახეთის რეგიონში?

5e463808f3a07
ინგა მურუსიძე
14.02.20 09:40
2891

წელს კახეთის რეგიონში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება. როგორც bm.ge-თან კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, ინვესტორების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან და ისინი ძირითადად ტურიზმის მიმართულებით გეგმავენ ინვესტირებას.


„ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება მეღვინეობის მიმართულებით და საინტერესო ტრენდია ასევე ზეთოვანი კულტურების, კაკლოვანი კულტურების, ნუშის წარმოების კუთხით და ა.შ. ეს სოფლის მეურნეობის ის პროდუქტებია, რომლებიც მაღალი ღირებულებით და სტაბილური მოთხოვნით გამოირჩევა საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით ნუში, ასევე ზეთოვანი კულტურები"- განაცხადა ქადაგიშვილმა და BM.GE-ს იმ პროექტების ჩამონათვალი გააცნო, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყება და დასრულდება.

- ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, სასტუმრო „ნაბადის“ 45 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის რეაბილიტაცია განხორციელდება. ინვესტიცია - 10 მლნ ლარი.

- თელავში წელს დასრულდება სასტუმრო „ძველი თელავის“ პროექტი. მშენებლობა რამდენიმე წელია მიმდინარეობს, ამიტომ ინვესტიციის მოცულობა ცნობილი არ არის.

- სიღნაღის რაიონში, სოფელ ნუკრიანში დასრულდება რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელსაც „სმარტ კაპიტალი"და ტურიზმის განვითარების ფონდი ახორციელებენ. სასტუმროს სახელზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს.

- სოფელ კაჭრეთში, „კაჭრეთის ამბასადორის“ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ვილების მშენებლობა, პროექტი წელს დასრულდება.


- თელავში დაიწყება ლოპოტას დასასვენებელი კომპლექსის განვიტარების მეორე ტალღა, აშენდება 120 ნომრიანი სასტუმრო, თავისი აკვა პარკით, რესტორნით და პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 35 მლნ ლარია. 

- სოფელ რუისპირში, „ლაინ ვილიჯის“ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება არის დაგეგმილი. პროექტი მასშტაბურია და ალბათ მომავალ წელს დასრულდება.

- თელავში, სასტუმრო „ინტურისტის“ ნაცვლად, აშენდება ხუთვარკვლავიანი ტიპის სასტუმრო, მშენებლობის განმახორციელებელი არის m2. მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ შემდგომში ეს სასტუმრო-კომპლექსი რომელიმე საერთაშორისო ხუთვარსკვლავიანი ბრენდების მართვაში გადავიდეს.


- წელს ლაგოდეხში, თხილის პლანტაციების გაშენება დაიწყება დაახლოებით 600 ჰა-ზე. პერსპექტივაში იქ თხილის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობაც არის დაგეგმილი.

- გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება, საინვესტიციო ღირებულება 22 მლნ დოლარი იქნება;

- ყვარლის მუნიციპალიტეტში, ილიას ტბის მიმდებარედ იწყება სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა, ჯამური ინვესტიცია 15 მილიონი ლარი.

- ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნეკრესის ტერიტორიაზე იგეგმება ასევე სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა, 15 მილიონი ლარის ინვესტიციით.

-  „ასკანელები“ საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს სასტუმრო-კომპლექსის შენებლობას, განსახორციელებელი ინვესტიცია 15 მილიონი ლარი. 

„ეს ყველაფერი არ არის. გარდა ამისა, რეგიონში ხორციელდება შედარებით წვრილი პროექტები, ასევე მიმდინარეობს სასტუმროების, შატოების, მარნების მშენებლობა, რომელიც რა თქმა უნდა რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიტყვი იმასაც, რომ მოხდება თელავის აეროდრომ „მიმინოს“ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია, რაც პერსპექტივაში, შიდა ტურიზმის განვითარებისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

ამათან, საინტერესო წინადადებაა და მიმდინარეობს მოლაპარაკება როგორც მთავრობასთან, ისე ინვესტორთან, რომ განხორციელდეს თუშეთის საბაგიროს მშენებლობა.ველოდებით, რომ გვექნება ხელშესახები სათქმელი, რომ დავინახოთ ამ საინტერესო პროექტის სიცოცხლისუნარიანობა, მდგრადობა და ა.შ. მე მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ამ პროექტის ხორცშესხმა მოხდეს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები