მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

‘’აზერბაიჯანი გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში’’

5d9c423069178
მიხეილ ხაჩიძე
08.10.19 19:20
866

ბერლინში მიაჩნიათ, რომ სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც აზერბაიჯანული გაზის ევროპაში გადატანას ითვალისწინებს, ძალიან მნიშვნელოვანია გერმანიასა და ევროკავშირში ენერგიის დივერსიფიცირებული მარაგისთვის.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა ტომას ბარაისმა გააკეთა. 


როგორც მან აღნიშნა, აზერბაიჯანი იქნება გაზის მთავარი მიმწოდებელი სამხრეთის გაზის დერეფნის გავლით და, შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროექტის წარმატებაში.

"ისტორიაში პირველად, გაზის ალტერნატიული დერეფანი ევროკავშირის ქვეყნებს პირდაპირ მიაწვდის კასპიის რეგიონიდან გაზს. ეს ნიშნავს იმას, რომ აზერბაიჯანის როლი, როგორც გაზის მიმწოდებლის ერვოპისთვის, სატრანზიტო მიმართულებითაც გაიზრდება. აზერბაიჯანი ასევე ახალ ბაზარზე შესვლით სარგებელს მიიღებს", - განაცხადა ბარაისმა.



როგორც გერმანელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, აზერბაიჯანი არა მხოლოდ გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, არამედ მნიშვნელოვანი პარტნიორია გერმანიის ძალისხმევაში მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.

 

"2018 წელს გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვამ თითქმის ორი მილიარდი ევრო შეადგინა. 2018 წელს აზერბაიჯანმა გერმანიაში ექსპორტზე სამ მილიონ ტონაზე მეტი ნედლი ნავთობი გაიტანა, რითაც ქვეყნისთვის მერვე უმნიშვნელოვანესი მიმწოდებელი გახდა. გერმანია ცდილობს, ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებას”, - დასძინა მან.


როგორც ბარაისი ამბობს, 2017 წელს გერმანული კომპანიების ინვესტიციების მოცულობამ აზერბაიჯანში 111 მილიონი ევრო შეადგინა.


"უახლესი მონაცემები ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი. ჩვენ გვინდა, გავზარდოთ ეს მაჩვენებლები ორივე ქვეყნის სასარგებლოდ, ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გზით", - განაცხადა მან.


აღსანიშნავია, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტი აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირებისთვის მილსადენის ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც თურქეთის გავლით, შაჰ დენიზ 2 – ის ველის განვითარების გზით, ევროპას გაზით უზრუნველყოფს.


როგორც ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება სავარაუდოდ, 2020 წლის დასაწყისიდან 10 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები