მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანში შესრულებული ყოველი მეხუთე უნაღდო ტრანზაქცია ტოკენით ხორციელდება - VISA

ნურლან გაჯიევი
სტატიაში საუბარია:

დღეს, აზერბაიჯანში შესრულებული ყოველი მეხუთე უნაღდო ტრანზაქცია - ტოკენით ხორციელდება. ამის შესახებ VISA-ს გენერალურმა დირექტორმა, ნურლან გაჯიევმა BMG-ის ბაქოს ოფისთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, „ასეთ მოკლე დროში, ეს ძალიან დიდი ნახტომია”, რომელშიც VISA-ს როლი დიდია.

“2019 წლის სექტემბერში, ჩვენს პარტნიორთან, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკთან ერთად პირველად აზერბაიჯანში დავნერგეთ ტოკენიზაციის ტექნოლოგია, რომლებიც საბარათე მონაცემებს უნიკალურ ტოკენში ასახავს, რითაც ამ მონაცემებს თაღლითების მიერ გამოყენებისგან იცავს. ამ პროდუქტის გაშვება უკონტაქტო გადახდების სწრაფი განვითარების და ქვეყანაში Apple Pay-ისა და Google Pay-ის მსგავსი სერვისების გამოჩენის საწყისი გახდა, რომლებიც აზერბაიჯანში 2021 და 2022 წლებში ამოქმედდა”, - აღნიშნა ნურლან გაჯიევმა.

მისივე თქმით, უკონტაქტო გადახდების 20%-იანი წილი ძალიან დიდია იმ ქვეყნებთან შედარებითაც, სადაც ტოკენიზაციის ტექნოლოგია გაცილებით ადრე დაინერგა.

ცნობისთვის, VISA აზერბაიჯანში უკვე 27 წელია ოპერირებს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ ქვეყანაში არაერთი ინოვაციის დანერგვა შეძლო.

“2021 წელს, აზერბაიჯანულ Kapital Bank-თან თანამშრომლობით B2B Connect-ი დავნერგეთ, თანაც არამხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მთელ რეგიონში, სადაც 80-ზე მეტი ქვეყანა ერთიანდება. ეს დიდი კომპანიებისთვის და კორპორაციებისთვის შექმნილი უბარათო გადაწყვეტაა, რომელიც ბლოკჩეინ-ტექნოლოგიისა და განაწილებული დავთრის პრინციპის საფუძველზე მუშაობს.

თუმცა ყველაფერი ეს, მხოლოდ დასაწყისი იყო. 2022 წელს, ასევე Kapital Bank-თან თანამშრომლობით, ტექნოლოგია Tap to Phone-ი ავამოქმედეთ, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესების დახმარების ინსტრუმენტია. ამ ტექნოლოგიის დახმარებით, NFC ტექნოლოგიით აღჭურვილი და Android-ზე მომუშავე სმარტფონის POS-ტერმინალად გადაქცევა არის შესაძლებელი”, - განაცხადა ნურლან გაჯიევმა.

როგორც მან BMG-ის ბაქოს ოფისთან ინტერვიუში აღნიშნა, ცალკე აღნიშვნის ღირსია აზერბაიჯანის რკინიგზის სატრანსპორტო პროექტი:

“2021 წელს, აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკთან ერთად, “ბაქო-სუმგაითის მარშრუტის” 14 გაჩერებაზე უკონტაქტო გადახდების ფუნქციონალი გავუშვით. 2022 წელს კი, ასევე აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკთან პარტნიორობით, ქვეყანაში ყველაზე ინოვაციური საგადახდო-სატრანსპორტო გადაწყვეტა - Mobility & Transit Transaction-ის მოდელი დავნერგეთ. ამ ტექნოლოგიის დამსახურებით, მგზავრობის საფასურის გადახდა მგზავრებს შეუძლიათ არამხოლოდ საბანკო ბარათებით, არამედ ციფრული საფულეებითაც, რისთვისაც სმარტფონის, ჭკვიანი საათის ან ჭკვიანი ბეჭდის გამოყენება შეუძლიათ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აზერბაიჯანი პირველი ქვეყანა იყო დსთ-ს და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნებს და უკრაინასა და საქართველოს შორის, რომელმაც ეს ტექნოლოგია დანერგა. ამგვარად, აზერბაიჯანი არც თუ ისე იშვიათად ხდება პირველწყაროდ, სადაც ისეთი ტექნოლოგიები ინერგება, რომელთა შესახებ სხვა ქვეყნებში არაფერი გაუგიათ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აზერბაიჯანი მყარად მიდის რეგიონში ციფრული გადახდების მიმართულებით ლიდერის პოზიცამდე”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები