ჩინეთიდან გაძვირებული საზღვაო ტრანსპორტირების ფონზე საქართველოში მოქმედი ბიზნესები სამშენებლო მასალების, ტექნიკის და ტანსაცმლის გაძვირებას აანონსებენ.
სამშენებლო მასალების კომპანია GRC-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტრანსპორტირების ღირებულება უკვე 200%-ით არის გაზრდილი, რასაც მომდევნო თვეებში შესაბამისი ეფექტი ექნება სამშენებლო მასალის მოწოდების ვადებზე და ფასზე.
“ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, 2023 წლის არის სუეცის არხი, მასზე ორჯერ მოხდა ინციდენტი. პირველი შედარებით უმნიშვნელო იყო, ვგულისხმობ გემის გაჭედვას, ხოლო მეორე გულისხმობს საზღვაო ხაზების მხრიდან მის გამოყენებაზე უარის თქმას, გამომდინარე ტერორისტული საფრთხეებისგან. ეს აძვირებს და აგრძელებს მოწოდების ჯაჭვებს. შესაბამისად, რამდენიმე თვეში ეს აისახება ქართული სამშენებლო მასალების ბაზარზე, იმ ნაწილზე, რომელიც ჩინეთიდან, კორეიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან მოგვეწოდება.
აღნიშნული პრობლემა საზღვაო ხაზების მხრიდან ცოტა სპეკულაციურად არის გამოყენებული. მოთხოვნის ზრდის გამო საკმაოდ გაძვირებულია, 200%-ით არის გაძვირებული წინა თვესთან შედარებით. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ დროის კონკრეტულ შუალედში დასტაბილურდება,”- ამბობს კომპანია GRC-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ლაშა ლაბაძე.
ცნობისთვის, სავაჭრო გემებზე , ჰუსიტების თავდასხმების გამო საზღვაო ხაზები წითელ ზღვას თავს არიდებენ,სანაცვლოდ, აფრიკის კონტინენტის შემოვლით გზას ირჩევენ, 6000 მილით გაზრდილი მარშრუტი საზღვაო გადაზიდვის ღირებულებას აძვირებს.
ამასთან, სუეცის არხი გლობალური ლოგისტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ჰუსიტთა თავდასხმების ფონზე შემცირდა სუეცის არხის შემოსავლებიც. ტვირთბრუნვის 30%-იანმა ვარდნამ, საერთო შემოსავალი 40%-ით შეამცირა. თუ გასული წლის იანვარში სუეცის არხმა 777 გემი გაატარა, წელს არხით მხოლოდ 544-მა გემმა ისარგებლა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წითელი ზღვის პატრულირებაზე პასუხისმგებლობა აიღო და ჰუსიტთა მოძრაობის წინააღმდეგ რამდენიმე იერიში მიიტანა.